აშშ-ის ძალებმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, 5 აპრილს, გამთენიისას, ამერიკულმა ძალებმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს, რითაც დასრულდა მაღალი რისკის შემცველი საბრძოლო, სამძებრო-სამაშველო მისია ირანის ტერიტორიის სიღრმეში.
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება ერაყზე, რომელიც ნავთობის მსხვილი მწარმოებელია
„ძმური ერაყი თავისუფლდება ჰორმუზის სრუტეში ჩვენ მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
Bloomberg-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბაზარზე დღეში სამ მილიონ ბარელამდე ერაყული ნავთობის შეტანა გახადოს შესაძლებელი. თუმცა, ერაყელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტოს განუცხადა, რომ პრაქტიკული ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არიან თუ არა გემები სრუტეში შევიდნენ არსებული რისკების პირობებში.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა ეს გამონაკლისი მთელს ერაყულ ნავთობზე, თუ მხოლოდ ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე. ასევე გაურკვეველია, როგორ განხორციელდება ეს.
CNN-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სულ მცირე შვიდი პილოტირებული თვითმფრინავი დაკარგა.
უახლეს დანაკარგებს შორისაა F-15E Strike Eagle, რომელიც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 3 აპრილს ჩამოაგდო, და A-10 Thunderbolt II, რომელიც ჩამოგდებული F-15-დან ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დროს დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა.
CNN-ის ცნობით, 2 მარტს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ჩამოაგდო აშშ-ის სამი F-15 გამანადგურებელი. 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტანკერი, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. 27 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად განადგურდა ადრეული შეტყობინების თვითმფრინავი E-3 Sentry.
გარდა ამისა, CNN-ის წყაროების ცნობით, მარტში F-35 გამანადგურებელმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ირანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მას.
თითქმის ორმოცი დღეა გრძელდება ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თეირანი პასუხობს რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
ირანის სახელმწიფო მედიის მიერ 6 აპრილს გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა აშშ-ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანსა და მის მახლობლად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია ორი საცხოვრებელი შენობა.
„ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირის მქონე სააგენტო Tasnim-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ფორუმი