Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაადასტურა უკრაინაზე „ორეშნიკით“ დარტყმა


უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 9 იანვარს განაცხადა, რომ რუსული რაკეტებისა და დრონების ძირითადი სამიზნე კიევი იყო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 9 იანვარს განაცხადა, რომ რუსული რაკეტებისა და დრონების ძირითადი სამიზნე კიევი იყო

უკრაინაში მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.

პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 იანვარს დილით გავრცელებულ ინფორმაციაში დადასტურებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკიც“.

ეს გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული მასირებული დარტყმის სამიზნე იყო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები - იმ აპარატების, რომლებიც გამოყენებული იყო პუტინის რეზიდენციაზე „ტერორისტული შეტევისთვის“ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც „უზრუნველყოფს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას“.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 9 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 36 რაკეტითა და 242 უპილოტო საფრენი აპარატით. დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო კიევი.

საჰაერო ძალების თანახმად, 36 რაკეტიდან 13 იყო ბალისტიკური „ისკანდერ-მ“/ეს-400, 22 - ფრთოსანი „კალიბრი“ და 1 - საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გამოშვებული იყო რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონიდან „კაპუსტინ იარ“. არსებული მონაცემებით, ამ პოლიგონზე განთავსებულია სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი".

რუსეთის ამ პოლიგონიდან უკრაინის ლვოვის ოლქზე განხორციელებული შეტევის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ჯერ კიდევ გასულ ღამით განუცხადა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იჰნატმა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, ადგილობრივი დროით 9 იანვრის დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო, რომ თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 226 დრონი, 8 „ისკანდერი“ და 10 „კალიბრი“. სარდლობამ დაადასტურა 18 რუსული რაკეტითა და 16 დრონით პირდაპირი დარტყმა 19 ადგილზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის პოლიციის ცნობით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაიღუპა 4 ადამიანი და 24 დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი. შეიზღუდა ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევში დაზიანდა კატარის საელჩოს შენობაც.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სახლები, რკინიგზა და სხვა ინფრასტრუქტურაა დაზიანებული კიევის ოლქის რამდენიმე რაიონში.

ლვოვის საოლქო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა იყო კრიტიკული დანიშნულების ობიექტზე, თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

2025 წლის 29 დეკემბერს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინამ რუსეთის განცხადებას ტყუილი უწოდა. წამყვანი ამერიკული გამოცემები დეკემბრის ბოლოს წერდნენ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, უკრაინას არ უცდია არც პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე შეტევა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG