Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, მზად იყოს სხვაგან გადასასვლელად


ბელგოროდის ოლქის ქალაქი გუბკინი დრონებით იერიშის შემდეგ. 4 იანვარი, 2026.
ბელგოროდის ოლქის ქალაქი გუბკინი დრონებით იერიშის შემდეგ. 4 იანვარი, 2026.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა მოსახლეობას მოუწოდა, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისთვის იყვნენ მზად გათბობისა და ელექტრომომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით „რთული, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“.

ოლქში ენერგეტიკული კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის არმიამ 9 იანვრის ღამეს ორ თბოელექტროსადგურსა და ქვესადგურზე მიიტანა იერიში. თავდასხმისთანავე გლადკოვმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 556000 ადამიანი, თითქმის იგივე რაოდენობა - გათბობის გარეშე, ხოლო 200000 - წყლის გარეშე. ტელეგრამის არხმა „პეპელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდში 60-ზე მეტ საწარმოს ელექტროენერგიის გამოყენების უფლება მისცეს მხოლოდ ღამით - ღამის 12 საათიდან დილის 8:00 საათამდე. გარდა ამისა, ელექტრომომარაგებაში შეფერხებების გამო არ მუშაობს სავაჭრო ცენტრების, „რიოს“, „მეგაგრინისა“ და „სიტიმოლის“ ათობით მაღაზია.

13 იანვარს გუბერნატორმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია“ საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსებისა და სამრეწველო საწარმოების ელექტრომომარაგების სრულად აღდგენა სარეზერვო დენის გამოყენებით. მისი თქმით, ხელისუფლება ამუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც მას საშუალებას მისცემს სწრაფად მოახდინოს რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე, მათ შორის ხალხის სხვა მუნიციპალიტეტებში გადაყვანაზე.

„მე არანაირად არ ვგულისხმობ, რომ ყველა ჩვენი ნივთი უნდა მივატოვოთ და სასწრაფოდ გადავიდეთ სხვა რეგიონში. აბსოლუტურად არა. ჩვენ უბრალოდ უნდა გვესმოდეს, თანმიმდევრულად რა ქმედებები უნდა განვახორციელოთ რთული, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, სადაც შეიძლება არ იყოს გათბობა ან ელექტროენერგია. თუ არის საშუალება, გადავიდეთ, ბავშვები გადავიყვანოთ ნათესავებთან - იქ, სადაც არის გათბობა და ელექტროენერგია“, დაწერა გლადკოვმა თავის ტელეგრამის არხზე.

ერთი დღით ადრე მან განაცხადა, რომ „რეგიონში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“ და რომ „ენერგეტიკული სიმძლავრეების დანაკარგები პრაქტიკულად კატასტროფულია“. „დიახ, კოლოსალური რესურსები მოვიზიდეთ, მაგრამ ამ უზარმაზარი დახმარების მიუხედავადაც არ შეგწევს უნარი, 100 პროცენტით გადავჭრათ პრობლემა. ჩვენი ქარხნების, სამთო და გადამამუშავებელი ქარხნების და მოსახლეობის მიერ [ენერგიის] უზარმაზარი მოხმარება და ფართომასშტაბიანი ნგრევა მაინც გამოიწვევს შეზღუდვებს ან როგორც გათბობის, ისე ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემების სრულ დაკარგვასაც კი“, თქვა მან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG