ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, მთავრობა სასტიკად ახშობს მათ. 13 იანვარს სააგენტო Reuters-ი აშშ-ში დაფუძნებულ უფლებადამცავ ჯგუფ HRANA-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ, მათი მონაცემებით, მოკლულია 2003 ადამიანი, მათ შორის 1850 დემონსტრანტი და მთავრობასთან დაკავშირებული 135 პირი. მოკლულთაგან 18 არასრულწლოვანია. დახოცილთა რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო დიდია, დაკავებულთა რიცხვი კი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს.
13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მან აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია".
ირანი ბოლო დღეებში თითქმის მოწყვეტილია გარესამყაროს, მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ვრცელდება ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების გარშემო.
ირანის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში დაიწყო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა, თითქმის მთლიანადაა გათიშული საინტერნეტო კავშირი, რომელიც უზრუნველყოფილია ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელებით და მობილური ტელეფონების ანძებით.
Reuters-ს საშუალება ჰქონდა ქვეყნის შიგნით გასაუბრებოდა სამ ადამიანს, რომელთა თქმით, ზოგიერთი ირანელი კვლავ იყენებს ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ მომსახურებას, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით კომუნიკაციების შეფერხებისა.
Starlink-ი, რომელიც ათასობით დაბალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის საშუალებით ავრცელებს სიგნალს, ირანის ზოგიერთ ადგილას კვლავ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ის აკრძალა, განუცხადა Reuters-ს ქვეყანაში Starlink-ის სამმა მომხმარებელმა.
ერთ-ერთმა მათგანმა, დასავლეთ ირანში, განაცხადა, რომ იცნობს ათობით ადამიანს, რომლებიც Starlink-ს იყენებენ და რომ საზღვრების მახლობლად მდებარე ქალაქებსა და დაბებში ეს შესაძლებელი დარჩა.
ინტერნეტის სამეთვალყურეო ჯგუფის, NetBlocks-ის დამფუძნებელმა ალპ ტოკერმა განაცხადა, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისგან შეიტყო, რომ ირანში Starlink-ზე წვდომა კვლავ არის, თუმცა, როგორც ჩანს, მომსახურება შეზღუდულია.
„არათანაბარი ხასიათისაა, მაგრამ მაინც არსებობს“, - თქვა მან. ტოკერმა დასძინა, რომ ინტერნეტის უფრო ფართომასშტაბიანი შეფერხება, რომელიც ირანში 8 იანვარს დაიწყო, გაგრძელდა 12 რიცხვშიც.
“…აღჭურვილობის ნაწილს აქტივისტები და ჟურნალისტები მოიხმარენ, თუმცა გაცილებით მეტი იმ პირების ხელშია, რომლებიც მთავრობასთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამიტომ გარკვეულწილად არეულობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთვის არის ის ხელმისაწვდომი“, - ამბობს ტოკერი.
კონვენციური, არა თანამგზავრების გზით კავშირის დონე ქვეყანაში ჩვეულებრივი დონის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, ამტკიცებს NetBlocks-ი, რომელიც თვალყურს ადევნებს ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მონაცემებს.
გაურკვეველია, თუ როგორ მოხდა ირანში Starlink-ის მომსახურების ჩახშობა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, ეს შესაძლოა Starlink-ის ტერმინალების მიღების უნარიანობის საგრძნობი შესუსტებით იქნა მიღწეული, რასაც ლოგიკურად მოჰყვა თანამგზავრებიდან სიგნალების მიღების შეფერხება.
ტოკერი ამბობს, რომ ჩახშობა არავითარ შემთხვევაში არ არის სრული, “ის მოიცავს დიდ გეოგრაფიულ არეალს, მაგრამ არა მთელ ქვეყანას ან თუნდაც მთელ ქალაქებს. ეს ნიშნავს, რომ კვლავ არსებობს ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაკადი, როცა ის აქტიურია”. ტოკერის ინფორმაციით, "არსებობს სხვა ალტერნატივებიც. უბრალოდ, მათი გამოყენება ოდნავ უფრო რთულია. ეს ნიშნავს, რომ ავთენტიკური ინფორმაცია გარკვეულწილად მაინც ვრცელდება. ის უბრალოდ შეზღუდულია, ცოტა შეზღუდულია“.
Starlink-მა, რომელიც კერძო ამერიკული კომპანია SpaceX-ის ნაწილია, Reuters-ს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხა.
საკომუნიკაციო ხაზი Starlink-ის გზით, რომელსაც ირანში ზოგიერთი მოქალაქე მოიხმარს, მასკისა და მისი ინტერნეტ სამსახურის გავლენის უახლესი ნიშანია გლობალურ კონფლიქტებსა და არეულობებზე მთელ მსოფლიოში.
Starlink-ი უკრაინის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მიანმარში, სადაც სამხედრო ხუნტამ არაერთხელ გათიშა ინტერნეტი, მეამბოხე ჯგუფები, ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ექიმები Starlink-ს იყენებდნენ კომუნიკაციისთვის. სუდანში Starlink-ს ორივე მხარე იყენებდა მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დროს, რომელიც გამოწვეული იყო ელექტროენერგიის გათიშვით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 იანვარს განაცხადა, რომ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, თუმცა Starlink-ი არ უხსენებია. მასკმა ადრე უკრაინას Starlink-ის სიგნალის მიმღები უფასო ტერმინალები გაუგზავნა.
ისინი სხვადასხვა ზომისაა, არსებობს დაახლოებით ლეპტოპის ზომის და სახურავებზე დასამონტაჟებელი დიდი აპარატებიც. თავიდან მასკი უკრაინას უფასო საინტერნეტო მომსახურებას სთავაზობდა. Starlink-ის სტანდარტული ტერმინალები დაახლოებით 600 დოლარი ღირს, ამას ემატება ყოველთვიური მომსახურების საფასური, რაც მას, თუმცა არა მხოლოდ ამიტომ, ბევრი ირანელისთვის მიუწვდომელს ხდის.
Reuters-ის ცნობით, მასკის უნარი, შეცვალოს ბალანსი გლობალურ კონფლიქტებში, მაშინ გამოჩნდა, როდესაც მან Starlink-ზე წვდომა შეაჩერა უკრაინის მიერ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ. Starlink-ს ირანში მუშაობის ლიცენზია არ აქვს, მაგრამ მასკმა ადრე განაცხადა, რომ სერვისი იქ აქტიურია.
2022 წლის დეკემბერში მან თავის სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კომპანია „უახლოვდებოდა ირანში Starlink-ის 100 აქტიური ტერმინალის რაოდენობას“, რაც ძალიან მოკრძალებული რიცხვია ირანის 92-მილიონიანი მოსახლეობის გათვალისწინებით.
გასული წლის ივნისში, X-ზე გამოქვეყნებული პოსტის საპასუხოდ, რომელშიც მას ირანში Starlink-ზე წვდომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდნენ, მასკმა დაწერა, რომ „სხივები ჩართულია“.
ივნისში ირანსა და ისრაელის შორის 12-დღიანი ომის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ოფიციალურად კრძალავს Starlink-ის გამოყენებას და მკაცრ ჯარიმებს აწესებს მათთვის, ვინც არალიცენზირებულ ტექნოლოგიას იყენებს ან ავრცელებს, იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.
13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მან აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი დაწესებულებები!!!... დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის განცხადება მიუთითებს აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე წინა დღესთან შედარებით. 12 იანვარს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანთან დიპლომატიური არხი ღია რჩება და რომ ირანმა „ძალიან განსხვავებული პოზიცია“ დაიკავა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან კერძო მოლაპარაკებებში. ამასთან ლევიტმა თქვა, რომ ტრამპი არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას.
ფორუმი