Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბავშვი მოატყუა, რომ თანატოლი იყო“ – Tiktok-ზე დაწყებული სექსუალური ძალადობა და პატიმრობა 9 წლით


„აფრთხილებდა, რომ ამ ურთიერთობის შესახებ არავის უნდა გაეგო, კომუნიკაცია კი მხოლოდ კონკრეტულ საათებში, ღამით უნდა ჰქონოდათ. ავალებდა, რომ შესულიყო საპირფარეშოში და იქიდან მიეწერა".
„აფრთხილებდა, რომ ამ ურთიერთობის შესახებ არავის უნდა გაეგო, კომუნიკაცია კი მხოლოდ კონკრეტულ საათებში, ღამით უნდა ჰქონოდათ. ავალებდა, რომ შესულიყო საპირფარეშოში და იქიდან მიეწერა".

მოკლედ

  • 30 წლამდე კაცი, რომელმაც Tiktok-ზე 11 წლის გოგოსთან სექსუალური შინაარსის მიმოწერა წამოიწყო, 9 წლით პატიმრობაშია.
  • ბავშვის დედამ შემთხვევით აღმოაჩინა მიმოწერა.
  • გამოძიებას Tiktok-ის პლატფორმიდან ინფორმაციის მიღება გაუჭირდა, რაც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს.
  • ბავშვთა უფლებადამცველები იძლევიან რჩევებს, როგორ გახადონ მშობლებმა სოციალური ქსელები უსაფრთხო შვილებისთვის.

9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლემ 30 წლამდე კაცს, რომელიც 11 წლის ბავშვზე Tiktok-ის საშუალებით ძალადობდა და მას ინტიმური და სექსუალური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა.

გამოძიება კაცს 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას ედავებოდა, რაც ისჯება 8-დან 12 წლამდე პატიმრობით.

როგორ გაეცნო კაცი ბავშვს Tiktok-ზე

30 წლამდე კაცი, რომელსაც ცოლი და არასრულწლოვანი შვილები ჰყავს, ბავშვს Tiktok-ზე თანატოლად გაეცნო. უთხრა, რომ 15 წლის იყო და მოსწონდა.

თავდაპირველად, მათი დიალოგი მხოლოდ ერთმანეთის მოკითხვით, გაცნობით შემოიფარგლებოდა. თუმცა მალევე კაცმა, რომელიც 11 წლის გოგოს თავისი თანატოლი ეგონა, უთხრა, რომ ის უყვარს, შეყვარებულები არიან და მასთან სექსუალური შინაარსის მიმოწერა წამოიწყო.

„კაცი უგზავნიდა ბავშვს ინტიმურ ფოტო-ვიდეო მასალას და სთხოვდა, რომ ასეთივე შინაარსის მასალა ბავშვსაც გაეგზავნა. აძლევდა კონკრეტულ დავალებებს, რა უნდა გაეკეთებინა. ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ვერ ხვდებოდა, რაზე ელაპარაკებოდა. გარკვეული ფოტოები ბავშვსაც ჰქონდა გაგზავნილი.

კარნახობდა დეტალურად, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ამ ტექსტების წაკითხვა შემზარავი იყო. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ამ ადამიანმა იცოდა ბავშვის ასაკი, იცოდა, რომ ელაპარაკებოდა 11 წლის ბავშვს და ამის მიუხედავად, სთხოვდა უკიდურესად მძიმე ვიდეოებისა და კადრების გაგზავნას“, - ბავშვის ინტერესების დამცველს, „საფარის“ იურისტს, მარი ვარამაშვილს, ამ მიმოწერის დიდი ნაწილი ნანახი აქვს. ბავშვმა თავად გაუზიარა ეს მიმოწერა მას.

6 თვეზე მეტია, ორგანიზაცია "საფარის" საბანკო ანგარიშებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ყადაღა ადევს. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. "საფარი" აცხადებს, რომ პროკურატურის ინფორმაცია, თითქოს „საფარმა“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპულ აქციებზე ძალადობის ორგანიზება დააფინანსა, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.

როდის ეკონტაქტებოდა კაცი ბავშვს?

მარი ვარამაშვილი ჰყვება, რომ კაცი ბავშვს მხოლოდ ღამის საათებში, მაშინ სწერდა, როცა ვარაუდობდა, რომ მშობლებს ეძინათ:

„აფრთხილებდა, რომ ამ ურთიერთობის შესახებ არავის უნდა გაეგო, კომუნიკაცია კი მხოლოდ კონკრეტულ საათებში, ღამით უნდა ჰქონოდათ. ავალებდა, რომ შესულიყო საპირფარეშოში და იქიდან მიეწერა. ის უგეგმავდა ყველაფერს”.

როგორ შეიტყო დედამ?

„საფარის“ იურისტი გვიყვება, რომ მშობლებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბავშვი ტელეფონთან უჩვეულოდ დიდ დროს ატარებდა. ის ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, მეცადინეობდა, მის ქცევაში უცნაური არაფერი ჩანდა.

დედამ შემთხვევით გაიგო, რომ ბავშვს გვიან ღამით არ ეძინა და ვიღაცას ტელეფონში ელაპარაკებოდა:

„დედას გაეღვიძა და შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ბავშვს არ ეძინა. გამოართვა ტელეფონი, დააძინა ბავშვი და ნახა მიმოწერა. დედა ძალიან ადეკვატურად მოიქცა - მას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ბავშვს დააშინებდა, დააფრთხობდა. მშვიდად აუხსნა, რომ ამ ტიპის მიმოწერა პრობლემა იყო და ამის შემდეგ, ბავშვმა თავად უამბო ყველაფერი“, - უყვება მარი ვარამაშვილი რადიო თავისუფლებას.

ბავშვის დედამ პოლიციას და იურისტს მეორე დღესვე მიმართა.

„როდესაც ბავშვს შევხვდი, მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ის 15 წლის მოზარდს ესაუბრებოდა, რომელსაც მოსწონდა. ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ ეს ადამიანი მისი თანატოლი იყო. მკაფიოდ იყო გამოხატული ასაკობრივი უმწეობა, რითიც ძალიან კარგად სარგებლობდა ეს ადამიანი. ბავშვმა დეტალურად მიამბო ყველაფერი. ჰქონდა სირცხვილისა და დანაშაულის განცდა. ამ განცდის გასაქარწყლებლად მასთან დღემდე მუშაობს ფსიქოლოგი“, - გვეუბნება „საფარის“ იურისტი.

როგორ იპოვეს ბრალდებული?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანები სოციალურ ქსელში კიბერდანაშაულის მსხვერპლები ხდებიან. სოციალური ქსელები ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი ნიადაგია სექსუალური ხასიათის დანაშაულებისათვის, რომელთა მსხვერპლებიც არცთუ იშვიათად სწორედ მოზარდები არიან.

როგორც წესი, მოძალადეები სოციალურ ქსელში რამდენიმე ყალბ ანგარიშს ქმნიან და სწორედ ამ ანგარიშების საშუალებით სწერენ მსხვერპლებს.

როდესაც ამ ტიპის დანაშაული META-ს პლატფორმების საშუალებით, მაგალითად, Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ის გავლით ხდება, გამოძიებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საშუალება აქვს, რომ META-სგან მიიღოს ინფორმაცია ანგარიშის IP მისამართის შესახებ, რაც სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებას ამარტივებს.

თუმცა Tiktok-თან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა - ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის მიერ 2012 წელს შექმნილი პლატფორმიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მიღება, მათ შორის გამოძიებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია:

„სამწუხაროდ, Tiktok-ზე ასეთი ტიპის დანაშაულები იშვიათი არ არის, მაგრამ META-სგან განსხვავებით, საგამოძიებო უწყებებს Tiktok-თან თანამშრომლობის, კომუნიკაციის საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვთ. ამიტომ ეს პლატფორმა არის ყველაზე კარგი სამოქმედო არეალი პედოფილებისთვის, სექსუალური მოძალადეებისთვის“, - ამბობს მარი ვარამაშვილი.

გამოძიებამ 11 წლის გოგოს საქმეში ბრალდებული დედის და ადვოკატის მონაწილეობით იპოვა.

30 წლამდე კაცთან შვილის Tiktok ანგარიშიდან კომუნიკაცია დედამ დაიწყო და რამდენიმე თვეში მისი ტელეფონის ნომრის გაგება მოახერხა:

„ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ პირადი ძალებით გაგვეგო, ვინ იყო ეს ადამიანი. ჩვენი მიზანი იყო, რომ მისგან მიგვეღო რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია...

ეს ადამიანი იყო ძალიან ფრთხილი და ასე მარტივად არ მოუწერია ტელეფონის ნომერი. ნომერი, მისი აზრით, ბავშვს მისცა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა პლატფორმაზე, "ვოთსაფზე", უნდა გაეგრძელებინათ კომუნიკაცია. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი ვინაობის დადგენა, მის საცხოვრებელ ადგილას ჩხრეკის ჩატარება, ელექტრონული მოწყობილობების ამოღება და ბრალის წარდგენაც“, - გვეუბნება მარი ვარამაშვილი.

კაცი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 15 იანვარს 9 წლით გაუშვა პატიმრობაში, ბრალს არ აღიარებს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა მის ადვოკატს, ნანა ძიმცეიშვილს. ადვოკატი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ:

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით“, - გვითხრა ადვოკატმა.

გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდადებული კაცი როგორც გამოძიების, ისე სასამართლო სხდომების მსვლელობისას, დუმილის უფლებას იყენებდა.

მხოლოდ სასამართლოს სხდომების მიწურულს თქვა, რომ მისი ტელეფონით ოჯახის წევრი სწერდა არასრულწლოვანს:

„გვქონდა მოლოდინი, რომ ის რაიმე მნიშვნელოვანს იტყოდა, თუმცა თქვა, რომ მის ტელეფონს იყენებდა ოჯახის წევრი, რომელმაც ეს ყველაფერი შურისძიების მიზნით მოუწყო და თქვა, რომ ეს ადამიანი ახლა გარდაცვლილიაო. ეს იყო სრულიად აბსურდული ვერსია“, - ეუბნება მარი ვარამაშვილი რადიო თავისუფლებას.

მოზარდები, სოციალური ქსელები და ძალადობის საფრთხე

სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, მაშინ, როდესაც ეს სივრცე ადამიანებთან, მათ შორის, უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, გაიზარდა კიბერდანაშაულის, კიბერბულინგის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის, გრუმინგის (როდესაც ზრდასრული პირი ონლაინ სივრცეში ნდობაში შედის ბავშვთან, რათა შემდგომში მასზე სექსუალურად იძალადოს), ემოციური ძალადობის, დაშინების, მუქარის შემთხვევები.

ხშირად ამ დანაშაულების მთავარი სამიზნეები სწორედ არასრულწლოვანები არიან.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი, როდესაც იძულებით მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოების გავრცელებით შანტაჟის გამო 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, 2018 წლის აგვისტოში ოზურგეთში მოხდა. ინტერნეტით შანტაჟისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულ კაცს მაშინ სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმისათვის, რომ ამ ტიპის დანაშაულების რისკი შემცირდეს, სოციალურ ქსელებს დაწესებული აქვთ ასაკობრივი შეზღუდვები.

META-ს პლატფორმებზე - Facebook-ი, Instagram-ი - რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ 13+ ასაკიდან. ზოგიერთ ქვეყანაში ასაკის დასადასტურებლად დამატებითი საფეხურების გავლაც შეიძლება მოუწიოს მოზარდს.

ასევე 13 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი რეგისტრაცია Tiktok-ზე. 16 წლამდეა შეზღუდული ამ პლატფორმაზე პირადი მიმოწერის ფუნქცია და 18 წლამდე პირდაპირ ეთერში გასვლა.

ეს არის ყველაზე გავრცელებული ასაკობრივი ზღვარი, რომელიც პლატფორმების უმეტესობას COPPA-ს (აშშ-ის ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის კანონი) მიხედვით აქვს განსაზღვრული.

თუმცა, მაგალითად, ავსტრალიაში 2025 წლის დეკემბრიდან სოციალური ქსელების გამოყენება შეიზღუდა 16 წლამდე მოზარდებისთვის.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და ბავშვებმა?

მიუხედავად ოფიციალურად დაწესებული ასაკობრივი ზღვრისა, ეს შეზღუდვა უფრო ფორმალურია. ერთი მხრივ, უფრო პატარებიც ადვილად რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში, ხშირად მშობლების დახმარებით, მეორე მხრივ კი, 13 წელზე უფროსები, თუ მათ არ იციან კომუნიკაციის უსაფრთხოების დაცვა და ის, თუ ვის მიმართონ ძალადობის შემთხვევაში, ადვილად შეიძლება გახდნენ დანაშაულის მსხვერპლნი.

ბავშვთა უფლებადამცველები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც სულ უფრო მეტი ბავშვი იყენებს სოციალურ ქსელებს, მაგალითად, თანაკლასელებთან, მეგობრებთან კომუნიკაციისა თუ სწავლის პროცესში, მათი დაცვის მიზნით ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გაუქმება გამოსავალი არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ სოციალურ ქსელში ურთიერთობის უსაფრთხოების წესები.

ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები მშობლებს აძლევენ, არის შვილების უპირობო ნდობის მოპოვება.

  • ბავშვი ოჯახის წევრს უნდა აღიქვამდეს მხარდამჭერად და არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ თუკი სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი გახდება, ან არ დაუჯერებენ, ან თავად მას დაადანაშაულებენ.
  • ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რატომ შეიძლება იყოს საშიში სოციალურ ქსელში უცხო ადამიანთან საუბარი.
  • უნდა იცოდეს, რომ არ უნდა ესაუბროს სოციალურ ქსელში მას, ვისაც არ იცნობს.
  • მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ სოციალურ ქსელში დამნაშავე, პირველი რიგში, ცდილობს მოიპოვოს მისი ნდობა - საჩუქრების შეთავაზება, კომპლიმენტები...
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სოციალურ ქსელში სხვებისთვის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გაზიარება არ შეიძლება და თუკი ვინმე ამას სთხოვს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა თქვას ოჯახში.

რამდენიმე აპლიკაცია სოციალური ქსელში აქტივობის მონიტორინგისათვის

გარდა ამისა, მოზარდების სოციალურ ქსელში აქტივობის მონიტორინგისათვის არსებობს არაერთი აპლიკაცია, რომლებიც საჭიროებს როგორც მშობლის, ისე მოზარდის ტელეფონზე ინსტალაციას და თანხმობას, რათა მისი გამოყენება სრულფასოვნად იყოს შესაძლებელი.

ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა Bark-ი - მშობელი იღებს შეტყობინებას, როგორც კი აპლიკაცია აღმოაჩენს შესაძლო კიბერბულინგს ან სხვა პრობლემური შინაარსის მქონე გზავნილებს მესიჯებსა და სოციალურ ქსელებში. ამ აპლიკაციას შეუძლია გადაამოწმოს მესიჯები, ფოტოები, ვიდეოები და გაფრთხილება გაუგზავნოს მშობელს.

კიდევ ერთი ასეთი აპლიკაციაა Qustodio - რომელიც მონიტორინგს უწევს ეკრანის მართვის დროს ე.წ. screen time-ს.

მშობლებს შორის პოპულარობით სარგებლობს Google Family Link-ი. ეს არის უფასო აპლიკაცია Google-სგან, რომელიც ეხმარება მშობლებს, დააკვირდეს ბავშვის ელექტრონულ მოწყობილობებს. მშობელს შეუძლია მართოს, რომელი აპლიკაციები, საიტები ჩაკეტოს ან შეზღუდოს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, სოციალურ ქსელში, სექსუალური ძალადობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფით ჩადენილი დანაშაულების ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG