მასალაში არასრულწლოვანის სახელი და გვარი დედასთან შეთანხმებით და მისი სურვილით არის ნახსენები.
ძნელაძე ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და პროკურატურამ გიგა ავალიანის ოჯახის გასაჩუმებლად დააკავა, შემდეგ კი ბრალი დაუმძიმა.
„შიგნით არ შემომიშვებთ?! - გარეთ ვიშიმშილებ! დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემს შვილს არ დაგითმობთ, რადგან უდანაშაულოა!” - თქვა სოფო ძნელაძემ პროკურატურასთან.
ის ფიქრობს, რომ მისი შვილს ბრალი გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის დავალებით დაუმძიმეს.
„ძალა აღმართს არ ხნავს და განახებ ამას. ყველაფრის მკადრებლებო, იმათზე უარესებო. უსინდისოებო. კორუმპირებული ხარ [გიორგი გვარაკიძე]“, - თქვა სოფო ძნელაძემ.
დემეტრე ჩიქოვანის დედის მხარდასაჭერად პროკურატურასთან 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ჭარბობდნენ მოზარდი ბიჭები.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალი რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს დაუმძიმეს. აქამდე მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებული არასრულწლოვანებისთვის ბრალდების დამძიმება და საქმისთვის ჯგუფური დანაშაულის ჩადენის კვალიფიკაციის მინიჭება, მოკლული გიგა ავალიანის ოჯახის მოთხოვნაა. ამ მიზეზით ისინი პროკურატურასთან არაერთხელ შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის გადადგომაც მოითხოვეს.
- გამოძიების თანახმად, გასული წლის 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.
- ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
- სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
- გიგა ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.
- ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის“ (დემეტრე ჩიქოვანის დედის ცნობით, სწორედ ამ სამ მოზარდს დაუმძიმეს ბრალდება).
- შსს განაგრძობს გამოძიებას ცალკე გამოყოფილ საქმეზე.
ფორუმი