ამასთან, ლონდონში სურთ, გაამკაცრონ სკოლებში მობილური ტელეფონის მოხმარების წესები.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათი მიზანია შეისწავლონ, რამდენად ეფექტიანი იქნება ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა და როგორ შეიძლება ამ დათქმის საუკეთესოდ განხორციელება.
ავსტრალიამ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გასულ თვეში აკრძალა სოციალური მედია.
დიდი ბრიტანეთის მთავრობას კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადეს, რომ განიხილავენ „გარკვეულ ასაკამდე ბავშვებისთვის“ აკრძალვის საკითხს. ამასთან, გადაიხედება წესები, რომელთა მეშვეობითაც ინტერნეტში შესაღწევად ბავშვის ასაკის დადგენის უფრო ქმედითი მოდელი შემუშავდება.
შეშფოთება გაზარდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის ბოლოდროინდელმა სწრაფმა განვითარებამ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ კომპანია xAI-ის მიერ შექმნილმა ჩეთბოტმა, Grok-მა, მოახდინა არასრულწლოვანთა სექსუალური ხასიათის სურათების გენერირება.
ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეიმუშავა გეგმა, ხელოვნური ინტელექტის მიერ გაშიშვლების ინსტრუმენტების სრული აკრძალვის შესახებ. მუშაობენ იმაზე, რომ ბავშვებს არ შეეძლოთ შიშველი სურათების გადაღება, გაზიარება ან ნახვა თავიანთ მოწყობილობებზე.
შეშფოთება, რომ სოციალური ქსელების, მობილური ტელეფონებისა და სხვა გაჯეტების ბავშვების მიერ მოხმარება უარყოფითად მოქმედებს მათ დამოკიდებულებებზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს.
გასულ კვირაში დანიამ განაცხადა, რომ აპირებს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების აკრძალვას. ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ შეისწავლიან, რამდენად შეესაბამება არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ციფრული მომსახურების კანონის მოთხოვნებს ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა, მაგალითად, YouTube და Snapchat-ი.
ფორუმი