Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაცია არ შემოსულა, ვამოწმებთ ცნობებს - საგარეო უწყება კარიბის ზღვაში დაკავებულ გემზე ქართველების ყოფნაზე


„საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
„საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რადიო თავისუფლების გავრცელებულ ცნობას 15 იანვარს აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე და აცხადებს, რომ ინფორმაციას აზუსტებს.

„2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, „Veronica“-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს“, - მისწერეს რადიო თავისუფლებას უწყების პრესცენტრიდან.

ამავე ცნობის თანახმად, „ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“.

  • რადიო თავისუფლებას მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.
  • გემის კაპიტნის მესამე თანაშემწის ძმა, რომელიც რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროა, ამბობს რომ მას ბოლო კომუნიკაცია მეზღვაურთან 14 იანვარს ჰქონდა - ტანკერის დაკავების შემდეგ ოჯახი მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს და არ იციან, სად და რა ვითარებაში იმყოფება.
  • ტანკერი "ვერონიკა", რომლის შესახებაც ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ, მეექვსე ტანკერია, რომელიც ვენესუელასთან კავშირების გამო დააკავეს.
  • ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.
  • ქართველი მეზღვაურები Veronica-ს გარდა, აღმოჩნდნენ 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ზეც [Marinera] - ამ შემთხვევაში გემის კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე იყო. ეკიპაჟის წევრებს შორის მის გარდა იყო კიდევ 5 ქართველი მეზღვაური. ამ გემის კაპიტანი, რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის მოქალაქეა.
  • მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტანკერი Veronica, ისევე როგორც რამდენიმე დღით ადრე დაკავებული Marinera Bella 1 [Marinera], ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს", რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ილია ბუგაი ასევე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის, ტანკერებით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG