დაცვის მხარის პოზიციით, მომხდარისას ბრალდებული ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის თავს.
ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი სხდომაზე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. იმის დასადასტურებლად, რომ იგი ფსიქიატრთან მკურნალობდა, ადვოკატმა მოსამართლეს ცნობაც წარუდგინა.
„ბრალდებული გადიოდა მკურნალობას და გააგრძელებს. ვფიქრობთ, რომ #8 პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს რესურსი, გაუწიოს სამედიცინო დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების მქონე პატიმრებს“, - თქვა მან.
ადვოკატის პოზიციით, გირაო იქნებოდა ის ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გამართლებული იქნებოდა.
„შეგიძლიათ, მას დაუწესოს სხვა შეზღუდვები: ჩამოართვათ პირადობის მოწმობა, აუკრძალოთ კონკრეტულ ადგილზე მიახლოება... ის მზად არის, შეასრულოს თქვენი მითითებები“, - მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, ბრალდებული 20 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ.
პროკურორმა კი განაცხადა, რომ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ამის დასასაბუთებლად მან აღწერა ის, რაც 21 იანვარს 51-ე სკოლის წინ მოხდა.
ბრალდებულის ინიციალებია ბ.ნ.
„ბ.ნ-ის ადგილზე გამოჩენილი აგრესიის გამო გამოძახებული იქნა დამატებითი ეკიპაჟები... მან დანა მოუქნია პოლიციელებს, რომლებმაც აირიდეს საფრთხე... მიგვაჩნია, რომ სახეზეა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები [პატიმრობისთვის“, - თქვა მან.
„ის იქცეოდა აგრესიულად. პოლიციის მოწოდების მიუხედავად, მან არ დაყარა დანები. მოუქცია კიდეც დანა, რაც მიუთითებს მისგან მომდინარე საფრთხე...“ - თქვა პროკურორმა და დასძინა, რომ ბრალდებული 2024 წელსაც იყო ნასამართლევი. - „დანის გამოყენებით დააზიანა ერთი პირი“.
„ბრალი გაქარწყლებულია“, - თქვა ადვოკატმა ამ რეპლიკაზე პასუხად.
ბრალდებულმა სხდომაზე სულ რამდენიმე წინადადება თქვა. ის ეთანხმებოდა ადვოკატის ნათქვამს.
„გულწრფელად რომ გითხრათ, გონი დავკარგე“, - თქვა მან.
ამ წინადადების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ მეტი დეტალის გაგება სცადა.
მოსამართლე: „მიზეზი რა არის?“
ბრალდებული: „თავი მეგონა ერაყში, ბრძოლის ველზე და პანიკაში ვიყავი. განცდა მქონდა, რომ უბედურება ხდებოდა და ვყვიროდი, არ მომკარებოდნენ“.
„მადლობელი ვარ, რომ იქვე დამაკავეს... წინა შემთხვევაც [განაჩენი რაზეცაა]... ახლა თითქოს გამოვჯანმრთელდი... წამლებს ვიღებდი, მაგრამ ვარჯიში ისე მეხმარებოდა, დოზას მოვუკელი“, - თქვა მან.
ბრალდებულის მოსმენის მიუხედავად, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 16 მარტს 11 საათზე გაიმართება.
- 22 იანვარს 51-ე სკოლასთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი, რომელსაც ორივე ხელში დანა ეჭირა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.
- პოლიციის მიახლოებისას მან რამდენჯერმე მოიქნია დანა.
- იმ მომენტში, როცა რამდენიმე წამით გვერდით გაიხედა, პოლიციამ მას სპეციალური საშუალება (ქაფი) შეასხა, რამაც მას მხედველობა შეუზღუდა.
- ამ დროს კაცს ფეხი ყინულით დაფარულ ტროტუარზე აუსრიალდა და წაიქცა, სწორედ მაშინ დაიწყეს მისი დაკავება.
- პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ხელკეტები გამოიყენა. ბორკილდადებული კაცი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
- საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელზე თავდასხმა ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
ფორუმი