მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პროკურატურას პატიმრობა არ მოუთხოვია, რადგან ღუდუშაურმა ბრალი აღიარა.
500 000 ლარის გადახდის ვადად ყოფილ მაღალჩინოსანს 30 დღე განუსაზღვრეს - თანხის სრულად გადახდამდე იგი პატიმრობაში დარჩება.
ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ ღუდუშაურს ჩამოართმევენ პასპორტსა და პირადობის მოწმობას - მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.
მომდევნო სხდომა - წინასასამართლო სხდომა - 2026 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე დაინიშნა.
„ფინანსურმა პოლიციამ“ ღუდუშაური 26 იანვარს დააკავა.
ბრალდების დეტალები
მას ბრალად ედება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“.
ბრალდება უკავშირდება 2022-23 წლების ტენდერსა და მის შეწყვეტას, - ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული.
2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე.
ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
ღუდუშაური ამ დროს, - მინისტრის მოადგილეობის გარდა, - ამავე სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
ბრალდების თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, რომელთაგან გამარჯვებულად გამოვლინდა ერთი, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი, შესთავაზა.
გამარჯვებული კომპანია იყო შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც ხშირად მონაწილეობს ტენდერებში.
გამოძიების თანახმად:
- „ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით“;
- ღუდუშაურმა „ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით“.
- ამ დეტალებზე 27 იანვარს ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუგა თავბერიძემ;
- მას არ დაუსახელებია, რომელი კომპანიისთვის სურდა ღუდუშაურს უპირატესობის მინიჭება.
თუმცა, თავბერიძის თქმით, საბოლოოდ, 2023 წლის 10 მაისს, ღუდუშაურის მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობებიც „მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის გამოც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს“.
„წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, - განაცხადა „ფინანსური პოლიციის“ სამმართველოს უფროსის მოადგილემ.
გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსა წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
„ჯი-თი გრუპის“ ხელმძღვანელმა თემურ უსტიაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ:
- მათ უნდა მიეწოდებინათ სასწრაფო დახმარების 100 ავტომობილი, სამინისტრომ 54 ჩაიბარა, დანარჩენზე - 5 მილიონ ევროზე მეტის ღირებულების ავტომობილების - ჩაბარებაზე კი უარი განაცხადა;
- მისივე თქმით, კომპანიისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ თქვა უარი ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების მანქანების ჩაბარებაზე;
- საბოლოოდ კომპანიამ სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო დავა დაიწყო.
მინისტრი და მოადგილე
- ილია ღუდუშაური მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დანიშნა მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს.
- აზარაშვილი, თავის მხრივ, 2021 წელს დანიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.
- აზარაშვილმა პოსტი 2024 წლის 1 მარტს დატოვა „ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ“ - მისი გადადგომა კობახიძის გაპრემიერების შემდეგ პირველი საკადრო ცვლილება იყო "ოცნების" მთავრობაში.
მინისტრის მოადგილეობამდე რამდენიმე წლით ადრე, 2017-18 წლებში, ილია ღუდუშაური იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.
ღუდუშაურის ძმა - ბრალდებული კორუფციის საქმეზე
ახლახან დაკავებული ილია ღუდუშაურის ძმა არის ვლადიმერ ღუდუშაური, - ისიც ყოფილი მაღალჩინოსანია, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
ბრალი მასაც აქვს წარდგენილი და ოქტომბრიდან გირაოთია გათავისუფლებული.
ვლადიმერ ღუდუშაური ერთ-ერთი პირველი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვიდან, რომელიც დააკავეს.
ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ - 1 333 728 ლარის - გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.
- ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა.
- მანამდე ის საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა.
- 2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი - დეპარტამენტის უფროსი.
ფორუმი