განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ზვიად გაბისონიამ დღეს, 9 დეკემბერს სადავო პარლამენტის განათლების კომიტეტს წარუდგინა დაგეგმილი ცვლილებები.
მან თქვა, რომ ახალი მოდელი მომავალი, 2026 წლიდან წლიდან ამოქმედდება და უკვე დაანონსებულ ცვლილებებთან ერთად ახსენა „დამატებითი ცვლილება“:
„საქართველოს მთავრობას დელეგირება მიენიჭება, განსაზღვროს სპეციალიზებული მიმართულებები, სპეციალიზებული პროგრამები და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს სტუდენტთა კვოტირების საკითხი, ანუ სტუდენტთა რაოდენობა“, - თქვა მან.
განმარტა, რომ არსებული მოდელის პირობებში სტუდენტები „პოპულარული პროფესიების მიხედვით“ ნაწილდებიან, რაც, მთავრობის გადმოსახედიდან „სერიოზულ პრობლემას ქმნის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასაქმების ნაწილში“.
- „ყოველ წელს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს ამთავრებს ხუთ-ექვს ათასამდე იურისტი;
- ცოტა მეტი - ეკონომისტი;
- მაგრამ მათი დასაქმება სერიოზული პრობლემაა - მხოლოდ 10-20%-მდეა შრომის ბაზარზე მათზე მოთხოვნა“, - თქვა მან.
გაბისონიას თანახმად, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს სამუშაო ჯგუფი აქვთ შექმნილი და „უახლოეს პერიოდში შეძლებენ შრომის ბაზრის კვლევის მონაცემების“ გამოქვეყნებას.
მისი თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, „დასაქმებადობა რა პარამეტრებში იქნება დაახლოებით და ამ მიმართულებით იქნება განსაზღვრული კვოტირება“.
„[უნდა] მოვახდინოთ პოპულარული პროფესიებიდან გარკვეული კვოტების გადანაცვლება მოთხოვნად პროფესიებში“, - თქვა მან.
გაბისონიას თქმით, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ „არ ველით აქტიურ ვარდნას სტუდენტების რაოდენობის კვოტირების გამო - დაახლოებით 150-155 ათასი სტუდენტია დღეს მოქმედი და აქ უფრო მეტად ველით გადანაწილებას და არა [რაოდენობის] ვარდნას“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 6 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა:
- „არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე“.
- კობახიძის თქმით, „უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს“.
- „კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდი უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებებს იწყებს.
- საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
- იგი მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
- ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის საფრთხეს.
ფორუმი