Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არავის გადაუგრეხენ ხელს - სტუ-ს რექტორი მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

დავით გურგენიძე. ფოტო არქივიდან
დავით გურგენიძე. ფოტო არქივიდან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) რექტორი დავით გურგენიძე განათლების მინისტრის მოადგილესთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „არავის ხელის გადაგრეხვა არ მოხდება“.

მან ასევე დააანონსა მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრა „კვირის ბოლოს“ - შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუ-ს გაერთიანების გეგმას შეეხება.

ორშაბათს, 2 თებერვალს, სტუ-ში პროფესორებთან შესახვედრად მივიდა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.

„ან ასეთი, ან ისეთი გადაწყვეტილება“

როგორც დავით გურგენიძემ ჟურნალისტებს საღამოს განუხადა, გაბისონიასთან გამართეს „ნაყოფიერი შეხვედრა“, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სხვა დეტალები, მისი თქმით, ასეთია:

  • „აკადემიურმა საზოგადოებამ ... წარმოადგინა თავისი მოსაზრებები ... რა არის ამაში დადებითი, ჩვენ რას ვხედავთ უარყოფითს“;
  • „ბევრი შეკითხვა იყო და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზვიადი და სხვა პირები ამ ყველაფერს მიაწვდიან ბატონ მინისტრს“;
  • კვირის ბოლოს გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ „შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს“ და „აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას“;

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავის ხელი გადაგრეხვა“, - განაცხადა გურგენიძემ.

„ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ერთობლივი გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა მან.

2 თებერვალსვე გამართა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აკადემიურ პერსონალთან.

„დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია“, - თსუ-ს პრესცენტრის ცნობით, ასე განაცხადა სამუშიამ.

თსუ-ც წერს, რომ „სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ“, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაა აუცილებელი.

  • 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან.
  • ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
  • 29 იანვრიდან მოყოლებული, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.
  • სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
  • აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს ამ ცვლილების შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG