Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთში დაარტყეს რაკეტების პოლიგონ „კაპუსტინ იარს“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 9 იანვარს, ლვოვის ოლქზე რუსული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დარტყმის შემდეგ გაავრცელა ფოტო, რომელზეც, ამ სამსახურის თანახმად, რაკეტის დეტალია ასახული
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 9 იანვარს, ლვოვის ოლქზე რუსული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დარტყმის შემდეგ გაავრცელა ფოტო, რომელზეც, ამ სამსახურის თანახმად, რაკეტის დეტალია ასახული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის ასტრახანის ოლქში დაარტყეს პოლიგონ „კაპუსტინ იარის“ ინფრასტრუქტურას.

  • უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად, 2026 წლის იანვარში რუსეთის ჯარებმა ამ პოლიგონიდან ლვოვის ოლქს დაარტყეს ბალისტიკური რაკეტით „ორეშნიკი”.
  • „ორეშნიკის” გამოყენება მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს, 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „კაპუსტინ იარზე“ შეტევაც იანვარში იყო და არა ახლა.

გენშტაბის განცხადებით, 2026 წლის იანვრის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა „შეასრულეს წარმატებული დარტყმების სერია ანგარის ტიპის შენობების კომპლექსზე”, სადაც სტარტისთვის ამზადებენ პოლიგონ „კაპუსტინ იარის” საკონტინენტთაშორის და ბალისტიკურ რაკეტებს(საშუალო მანძილის).

გენშტაბის თანახმად, დარტყმებისთვის გამოყენებული იყო უკრაინული წარმოების, შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტები „ფლამინგო“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, პოლიგონის ტერიტორიაზე მდებარე შენობების ნაწილს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიაყენეს, მნიშვნელოვნად დაზიანდა ერთ-ერთი ანგარი და ტერიტორიიდან ევაკუირებულია პირადი შემადგენლობის ნაწილი.

უკრაინის გენშტაბს არ დაუკონკრეტებია იანვრის რომელ დღეებს მოიცავდა „დარტყმების სერია“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონ „კაპუსტინ იარზე” შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

2026 წლის 9 იანვარს, უკრაინაში მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოყენებული იყო სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკიც“ და ეს შეტევა იყო „პასუხი“ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო, რომელიც დეკემბერში განხორციელდა.

  • ნოვგოროდის ოლქში ქალაქ ვალდაის მახლობლად მდებარე რეზიდენციაზე უკრაინული დრონებით დარტყმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.

9 იანვარს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტა პოლიგონ „კაპუსტინ იარიდან" გაუშვეს. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთმა „ორეშნიკით" ლვოვის ოლქს დაარტყა.

  • „ორეშნიკი“ გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG