Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობი ჯარიმები - აქციების მონაწილეებს ანგარიშები დაუყადაღეს

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შემდეგ მოქალაქეები არკვევენ, რომ ჯარიმები გასულ წელს, საპროტესტო აქციებისას გზის გადაკეტვისთვის ჰქონიათ გამოწერილი.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შემდეგ მოქალაქეები არკვევენ, რომ ჯარიმები გასულ წელს, საპროტესტო აქციებისას გზის გადაკეტვისთვის ჰქონიათ გამოწერილი.

პროევროპული აქციების მონაწილეები 5 თებერვლის დილიდან იღებენ ბანკებიდან შეტყობინებებს, რომ მათი ანგარიშები დაყადაღებულია - მიზეზი გადაუხდელი ჯარიმები. დეტალების გასარკვევად კი მათ აღსრულების ბიუროში ამისამართებენ.

ანგარიშებზე ყადაღადადებული მოქალაქეები, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ამ დრომდე, არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ ჯარიმების შესახებ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შემდეგ კი არკვევენ, რომ ჯარიმები გასულ წელს, საპროტესტო აქციებისას, გზის გადაკეტვისთვის ჰქონიათ გამოწერილი ისე, რომ ამის შესახებ მათთვის შესაბამის უწყებებს, შსს-ს არც ჯარიმის ოქმი გაუგზავნია და არც არანაირი ელექტრონული შეტყობინება.

5 თებერვლის დილას, ბანკიდან მისულმა შეტყობინებამ გააღვიძა მარიამ პაიჭაძე. სმს-ით გაიგო, რომ დანაზოგიდან, რომელსაც დედისა და ხუთი შინაური ცხოველისთვის აგროვებდა, 5350 ლარი დაუყადაღეს.

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯარიმის შესახებ არაფერი იცოდა:

„არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მათ შორის, საზღვრის კვეთისასაც არ უთქვამთ, რომ დაჯარიმებული ვიყავი. ამ ყადაღით გავიგე ჯარიმის არსებობის შესახებ“.

როდის და რა მიზეზით ჰქონდა გამოწერილი ჯარიმა, ამის გარკვევას აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეეცადა:

„იქ მითხრეს, რომ 2025 წლის 20 თებერვლის ჯარიმაა. ჯარიმა გამოწერილია შსს-ს საპატრულო სამსახურის მიერ. სავარაუდოდ, როგორც ფოტოებიდან გადავამოწმე, საზმაუს მარშია“.

მარიამი ახლა იურისტებთან გადის კონსულტაციას, რომ გაარკვიოს, რა სამართლებრივი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ „აღსრულება შეაჩეროს“.

ასეთივე შეტყობინება მიიღო 5 თებერვლის დილას მთარგმნელმა და გამომცემელმა ქეთი ქანთარიამაც.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ჯარიმის შესახებ ინფორმაცია არც მას ჰქონია. ბანკებში ანგარიშების დაყადაღების შესახებ სმს გზავნილით შეიტყო. მისი ჯარიმაც 5000 ლარს შეადგენს.

„კიდევ კარგი, ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებული აუცილებელი თანხა მქონდა გადასარიცხი სტამბაში და ამ თანხის გადახდა გუშინ მოვასწარი. ანგარიშზე დარჩენილი თანხა, 600 ლარზე მეტი, მთლიანად ჩამოიჭრა.

არ ვიცი, კონკრეტულად როდინდელ ჯარიმას მედავებიან. რამდენიმე თვეა, ხშირად ვეღარ დავდივარ აქციებზე. ვვარაუდობ, რომ ძველი ჯარიმა უნდა იყოს, რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. არც შეტყობინება მომსვლია, არც არავინ მოსულა ჩემთან შსს-დან. აუცილებლად მივმართავ იურისტებს და გავარკვევ, რისი გაკეთება შემიძლია ახლა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ქანთარია.

ანგარიში დაუყადაღეს ელენე ბერიკაშვილსაც. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვის ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

ელენე ბერიკაშვილი გასული წლის ნოემბერში, მოსამართლე დავით მაკარიძემ 4 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პოლიციის დაუმორჩილებლობის განმეორებით ჩადენისთვის.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, არ აქვს ინფორმაცია, როდის არის გამოწერილი ის ჯარიმა, რომლის გადაუხდელობისთვისაც ანგარიშები დაუყადაღეს:

„სამსახურში ვარ, ჯერჯერობით დეტალები არ გამირკვევია. ერთი ჯარიმა გასაჩივრებული მქონდა, მაგრამ არავინ დამკავშირებია. ეს რა ჯარიმაა, არ ვიცი. გავივლი კონსულტაციას იურისტთან, რისი გაკეთებაა ახლა შესაძლებელი“, - ანგარიშის დაყადაღების შესახებ შეტყობინება მიიღო მისმა ძმამაც, ბექა ბერიკაშვილმა.

ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც 5 თებერვლის დილას ბანკებიდან შეტყობინებები მიუვიდათ მათი ანგარიშების დაყადაღების შესახებ.

სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლებამ სულ მცირე 20-მდე მსგავსი პოსტი მოიძია. ზუსტად რამდენი ადამიანის ანგარიშია დაყადაღებული გადაუხდელი ჯარიმების გამო, ამ ინფორმაციის დაზუსტება, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება.

რას არღვევს შსს?

როგორც წესი, ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში, დაჯარიმებულს ჯერ პოლიციის თანამშრომელი უკავშირდება და ატყობინებს, რომ ის დაჯარიმებულია.

მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ ოქმი ფოსტით გაუგზავნონ მის მისამართზე.

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია, ოქმის ჩაბარება ორჯერ სცადოს. საჯარიმო ქვითარი შეუძლია ჩაიბაროს ოჯახის სრულწლოვანმა წევრმაც.

თუკი საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ორი მცდელობის შემდეგაც ვერ მოხერხდება, მაშინ შსს ქვითარს საჯაროდ აქვეყნებს და ის ჩაბარებულად ითვლება.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი უკვე დიდი ხანია, პროევროპულ აქციებზე დაჯარიმებულთა საქმეებზე მუშაობს. ეხმარება მათ საჩივრების შედგენაში, იცავს მათ უფლებებს სასამართლოებში.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ შსს უხეშად არღვევს პროცედურულ ნორმებს - ანუ, მოქალაქეებს არ აწვდის დროულ ინფორმაციას ჯარიმების არსებობის შესახებ, რათა მათ დადგენილ ვადებში შეძლონ ჯარიმების გასაჩივრება და ანგარიშების დაყადაღების თავიდან აცილება.

„ჯარიმებს პირდაპირ პოლიციის ვებგვერდზე აქვეყნებენ, ასე უთვლიან ადამიანებს ჯარიმებს ჩაბარებულად და შემდგომ უკვე ეს ჯარიმები აღსრულებაში მიაქვთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა სიმონიშვილი.

მისი თქმით, ჯარიმის შსს-ს ვებსაიტზე გამოქვეყნების შემთხვევაში, უწყება ვალდებულია მოქალაქეს მაშინვე შეატყობინოს სმს-ით, რომ ის დაჯარიმებულია, თუმცა, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს შეტყობინებები მოქალაქეებთან მაშინ მიდის, როცა გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უკვე ამოწურულია და საქმე უკვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიდის:

„ბოლო თვეებში, ჩვენ არაერთი ასეთი შემთხვევა ვნახეთ. შეტყობინებები მაშინ მოვიდა, როცა უკვე გასაჩივრების ვადები ამოწურული იყო და აღსრულებისთვის გადაცემას აპირებდნენ. სულზე მივუსწარით, რომ შეგვეჩერებინა ჯარიმების აღსრულება“.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, დღეს არსებული პრაქტიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ შსს მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ არცერთ ეტაპზე აღარ უგზავნის შეტყობინებას.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ის აღწერს ჯარიმების შესახებ შეტყობინების მექანიზმს და ამბობს, რომ ეს პროცედურა და მექანიზმი დღეს მოშლილია:

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი
ნიკა სიმონიშვილი, იურისტი

„როდესაც სამართალდარღვევის ოქმი დგება, ამის შესახებ პირმა უნდა მიიღოს შეტყობინება. მას უნდა გაეგზავნოს და ჩაბარდეს ჯარიმა ან ფოსტის, ან შსს წარმომადგენლის მეშვეობით. თუკი ეს ვერ მოხერხდება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ჯარიმა გამოქვეყნდეს შსს-ს საიტზე. თუმცა, აქაც არსებობს პირობა, საიტზე გამოქვეყნების შემთხვევაში, შსს-მ აუცილებლად უნდა გაეგზავნოს პირს სმს.

შსს-მ დაიწყო ახალი პრაქტიკა, რომ არანაირ სმს-ს აღარ გზავნიან ადამიანთან, არც ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ და არც იმის შესახებ, რომ აღსრულებას უნდა გადაეცეს ეს ჯარიმები. ადრე რაღაცაზე მაინც გვაფრთხილებდნენ ხოლმე, ახლა ამაზეც არ გვაფრთხილებენ და პირდაპირ ისე ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ამ საკითხის გადაცემა, რომ არავინ არაფერი იცის, რაც, რა თქმა უნდა, პროცედურული ნორმების აშკარა და უხეში დარღვევაა, მაგრამ შსს-ს ეს ამბავი აღარ აინტერესებს“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეეცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია, აგზავნიან თუ არა დაჯარიმებულ მოქალაქეებთან ჯარიმების ქვითრებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და თუკი არა, რა არის ამის მიზეზი - ტექნიკური ხარვეზი თუ ისეთი პროცედურული ცვლილებები, რომლის შესახებაც მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია. უწყების პრესსამსახურში დაგვპირდნენ, რომ ჩვენს დასმულ კითხვებზე ინფორმაციას მოიძიებდნენ. სტატიის გამოქვეყნების მომენტში მათგან პასუხი არ გვქონდა. იმ შემთხვევაში, თუკი შსს მოგვაწვდის ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ის ამავე სტატიაში აისახება.

რა ბერკეტი აქვთ დაყადაღებულ მოქალაქეებს, რომ აღსრულება შეაჩერონ?

ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აღსრულების შეჩერების ბერკეტი არსებობს, თუმცა ამისათვის მოქალაქემ რამდენიმე აუცილებელი საფეხური უნდა გაიაროს:

  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან საჯარიმო ქვითრის ასლი აღება;
  • აღსრულების ეროვნული ბიუროდან (შეგიძლიათ იუსტიციის სახლშიც) დოკუმენტების გამოთხოვა მიმდინარე საქმის აღსრულების თაობაზე;
  • ჯარიმის გამოქვეყნების სტატუსის გადამოწმება საიტებზე protocols.ge და https://police.ge/protocol/index.php;
  • ორივე გვერდის ე.წ. „სქრინშოთის“ გაკეთება ან PDF ფორმატით გადმოწერა. „protocols.ge-დან ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანი, რადგან იქ მითითებული იქნება, რომ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება არ მოგსვლიათ და ეს შეიძლება გახდეს აღსრულების შეჩერების საფუძველი“;
  • საჩივარი უნდა შევიდეს სასამართლოში, რომლითაც დაჯარიმებული პირი ქვითრების გაუქმებას და აღსრულების შეჩერებას მოითხოვს.


სასამართლო ხუთი დღის ვადაში განიხილავს აღსრულების შეჩერების საკითხს და ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა აღსრულებას.

ერთ-ერთი გზა, რომ მოქალაქემ თავი დაიზღვიოს ანგარიშების დაყადაღებისგან, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ეს არის ინფორმაციის გადამოწმება საპატრულოს ცხელ ხაზზე (032 2414242), ფიქსირდება თუ არა მის სახელზე ჯარიმა. ჯარიმის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა ჩაიბაროს ის და გაასაჩივროს.

5 თებერვალს სწორედ ასე, საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე გადამოწმებით გაიგო პუბლიკის ფოტორეპორტიორმა მინდია გაბაძემ, რომ მას 5000-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი:

"დღეს არაერთი პოსტი დაიწერა, რომ ისე დააყადაღეს რუსთაველზე მყოფები, რომ არ იცოდნენ ჯარიმის არსებობის შესახებ. მეც გადავამოწმე ცხელ ხაზზე და 29 ივლისის, როცა ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი, გზის გადაკეტვისთვის 5000-ლარიანი ჯარიმა მქონია. ცხადია, გავასაჩივრებ".

„გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ჯარიმების მიღება პროევროპული აქციების მონაწილეებმა თავდაპირველად გასული წლის თებერვალში დაიწყეს.

მაშინ მოქალაქეების ნაწილს პოლიციის წარმომადგენლები მობილურით, ე.წ. კერძო ნომრიდან ატყობინებდნენ, რომ მათზე ჯარიმა იყო გამოწერილი. მეორე ნაწილთან კი პირდაპირ სახლში მიდიოდნენ და საჯარიმო ოქმის შინაარსს აცნობდნენ.

დაჯარიმებულებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვითრები პოლიციელებს მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან სახლში, შუაღამით მიჰქონდათ და ამას აქციების აქტიური მონაწილეებისა და მათი ახლობლების დაშინების მცდელობად აღიქვამდნენ.

ზოგიერთი აქტივისტისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ, თვეების განმავლობაში, ათობით ათასი ლარი შეადგინა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პროევროპული აქციების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაამკაცრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსშიც და შეკრებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო.

გასული წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაორმაგდა და 5000 ლარი გახდა. თუმცა 10 თვეში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა კანონში და 2025 წლის 17 ოქტომბრიდან „გზის გადაკეტვისთვის“ პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განისაზღვრა, განმეორების შემთხვევაში კი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა, რომელიც სასჯელის ზომად 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ათეულობით ადამიანს დაეკისრა ადმინისტრაციული პატიმრობა.

გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის, სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი. 2025 წლის ნოემბერში მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისსა და სხვა ქალაქებში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად.

დემონსტრანტები ყოველდღიური აქციებით, მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპული აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG