Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი კინორეჟისორი ფანაჰი შიშობს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში ირანელების ინტერესები „გაიწირება“

ჯაფარ ფანაჰი
ჯაფარ ფანაჰი

ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ AFP-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პარასკევისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებში არის საფრთხე, რომ რიგითი ირანელები "გაიწირებიან", რადგან მისი ქვეყანა ჯერ კიდევ „შოკშია“ საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევის გამო.

უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ფანაჰიმ, მხარდაჭერა გამოუცხადა გასულ თვეში გამართულ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ათასობით ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თავიდნვე მხარი დაუჭირა ირანელ დემონსტრანტებს, შემდეგ ყურადღება გადაიტანა ირანის ხელმძღვანელობასთან ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით შეთანხმების დადებაზე.

4 თებერვალს პარიზში მიცემულ ინტერვიუში, ფანაჰიმ AFP-ს განუცხადა, რომ „რაც უნდა მოხდეს ამ მოლაპარაკებებში, ის არ იქნება ხალხის სასარგებლოდ“.

„ხალხს ამ მოლაპარაკებებში წარმომადგენელი არ ჰყავს და მათი ინტერესები არასდროს არის გათვალისწინებული. ისინი ადვილად შეიძლება "გაწირონ" ამ გარიგებებში“, - დასძინა მან.

ფანაჰის კომენტარი უკავშირდება შეშფოთებას იმის გამო, რომ პარასკევისთვის, 6 თებერვლისთვის ომანში, მასკატში დაგეგმილი აშშ-სა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებამ შესაძლოა, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ძალაუფლების განმტკიცებას შეუწყოს ხელი.

უცხოეთში მცხოვრები ფანაჰის ბოლო ფილმი „ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო“ ოსკარის პრემიაზეა წარდგენილი.

65 წლის მსახიობს სახელმწიფოს წინააღმდეგ „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“ დაუსწრებლად ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა , თუმცა AFP-სთან საუბარში განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.

თეირანმა იანვრის გამოსვლების დროს 3 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი აღიარა, ზოგიერთი უფლებადამცველი ჯგუფი კი ვარაუდობს, რომ საბოლოო რიცხვმა შესაძლოა 30 000-ს მიაღწიოს.

მიუხედავად პატიმრობისა და ორწლიანი მოგზაურობის აკრძალვისა, მან განაცხადა, რომ 15 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა.

„ეს ჩემი სახლია და ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები“, - განუცხადა მან AFP-ს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG