"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, - თქვა კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან "ჯანსაღი დისკუსია" გაიმართა".
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კი განმარტა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება არსებული კადრების შენარჩუნებას, მიუხედავად არაერთი სპეციალობის გაუქმებისა. კონკრეტული დეტალები, გაუქმებული სპეციალობების სწავლებაში ჩართული ლექტორები როგორ შეინარჩუნებენ სამსახურს, მინისტრს არ უთქვამს.
გადაწყვეტილებით კმაყოფილები იყვნენ კობახიძესთან და მიქანაძესთან შეხვედრაზე მყოფი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მათ შორის რექტორი.
„მან გაითვალისწინა ყველა ის საკითხი, რაც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. ჰუმანიტარული მეცნიერებების საკითხზე ჩვენ უკვე შეთანხმებულები ვიყავით, წავა მილევად რეჟიმში...
რასაც ყველას გეუბნებოდით 10 დღის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლება, ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნამდვილად არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას“, - თქვა სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადადგომას არ აპირებს.
ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ 11 ფაკულტეტი აქვს, მათგან 9 ტექნიკური პროფილისაა - ცვლილებების შემდეგ, სავარაუდოდ, გაუქმდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ასევე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუ-ში 2016 წლის 25 მაისს შეიქმნა.
- 2016 წლის მაისიდან ფუნქციონირებს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც. ამ ფაკულტეტზე 17 საგანმანათლებლო პროგრამაა სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); ასევე ქართულ ენაში მომზადების პროგრამა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს, დილის 11 საათზე ამცნო საზოგადოებას. როგორც შემდეგ გაირკვა, ორივე უნივერსიტეტის რექტორებმა წინა საღამოს გაიგეს ამ გადაწყვეტილების შესახებ.
უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან.
ფორუმი