Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ევროპას მოუწოდებს გამოღვიძებისა და მოქმედებისკენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მიერ აშშ-ისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე, ევროპის წალეკვის საფრთხესა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლების საჭიროებაზე ილაპარაკა ევროპულ გამოცემებთან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა გამოიღვიძოს, გეოპოლიტიკური უმწიფრობის მდგომარეობიდან გამოვიდეს და საკუთარ თავს ჰკითხოს, დამკვირვებლის როლი სურს თუ მოთამაშის.

ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა სტრატეგიულ სექტორებში ინვესტიციების გაზრდისკენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონკურენციას აშშ-ისა და ჩინეთის მხრიდან. მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ არაფერს გააკეთებენ, ხუთ წელიწადში ევროპა შესაძლოა, წალეკონ.

პრეზიდენტმა მაკრონმა ილაპარაკა შეერთებულ შტატებთან ღრმა გეოპოლიტიკურ განხეთქილებაზე და ევროპისა და ამერიკის ურთიერთობების ამჟამინდელ ფაზას უწოდა „გრენლანდიის მომენტი“, რომელმაც ევროპელები აიძულა საფრთხე გაეცნობიერებინათ.

საფრანგეთის პრეზიდენტი გულისხმობდა პრეზიდენტ ტრამპის პრეტენზიას დანიის შემადგენლობაში მყოფ გრენლანდიაზე.

მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობის ბოლოდროინდელი ჩაცხრობა მდგრად ცვლილებად არ უნდა აღიქვას და „გრენლანდიის მომენტი“ განიხილოს საგანგაშო სიგნალად, რომელიც უბიძგებს გადადებული რეფორმების გატარებისკენ გლობალური გავლენის გასაძლიერებლად.

ევროპულ გამოცემებთან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა კრემლთან ევროპის პირდაპირი დიალოგის განახლების საჭიროებაზეც.

მაკრონის თანახმად, პუტინთან ვიწრო ფორმატის კონტაქტი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ თებერვლის დასაწყისში მოსკოვში გაგზავნა მრჩეველი რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტების მოსამზადებლად. შეკითხვას, რას მიაღწია, მაკრონმა უპასუხა, რომ იმის დადასტურებას, რომ რუსეთს ამჟამად მშვიდობა არ სურს, მაგრამ ტექნიკურ დონეზე აღადგინეს მსჯელობისთვის საჭირო არხები.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთქმედება აშშ-ს არ უნდა გადაეცეს და დაუშვებელია, რომ ამერიკელები აწარმოებდნენ ევროპის სახელით მოლაპარაკებებს მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრების თარიღზე.

მაკრონის განცხადებით, ევროპის გეოგრაფია არ შეიცვლება, მოსწონთ თუ არა, რუსეთი ხვალაც პირდაპირ ევროპის კართან იქნება და ამიტომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა მოუწევთ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში უფრო აქტიური როლის შესასრულებლად ევროპამ უნდა გამოძებნოს გზა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლებისთვის, გამჭვირვალედ და უკრაინასთან თანამშრომლობით

სააგენტო Reuters-ი და გამოცემა L'Express-ი ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით 4 თებერვალს იუწყებოდნენ, რომ 3 თებერვალს მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი ემანუელ ბონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს შეხვდა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთს და რუსეთს სამუშაო დონეზე გარკვეული ურთიერთქმედება აქვთ, თუმცა რაიმე საგულისხმო შინაარსის გარეშე.






ფორუმი

XS
SM
MD
LG