Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადზე დრონებით შეტევის სამიზნე სავარაუდოდ, ისევ „ლუკოილის“ ქარხანა იყო

ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა(ფოტო არქივიდან)
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა(ფოტო არქივიდან)

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, სამიზნე იყო „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, გასულ ღამით საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები „იგერიებდნენ მასირებულ ტერორისტულ შეტევას“ ოლქის „ენერგეტიკის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“.

ბოჩაროვმა დაადასტურა ხანძარი ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქარხნის ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტული ქარხანა არ დაუსახელებია.

ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, დრონებით დარტყმა იყო ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, აშშ-ის მიერ სანქცირებულ „ლუკოილს“ ეკუთვნის.

ტელეგრამ-არხი ASTRA ვოლგოგრადის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების გაანალიზების საფუძველზე წერს, რომ დარტყმა მართლაც ამ ქარხანაზე იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 108 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან ყველაზე მეტი, 49 - ვოლგოგრადის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.

უკრაინას, რომლის თავდაცვის ძალებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა არაერთხელ მიიტანეს, დღევანდელი დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

სააგენტო Bloomberg-ის დათვლით, 2025 წელს უკრაინამ 120-მდე შეტევა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, ნავთობის და გაზის საბადოებსა და მილსადენებზე.

  • რუსეთი „ტერორისტულ აქტებს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში მდებარე ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • უკრაინისთვის ეს არის „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმები რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG