გამოცემის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებული პუბლიკაციისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დაწერილი აქვს წიგნი „შოუმენი“.
- რუსეთი უკრაინაში ომის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ პირობად ასახელებს დონბასზე სრულ კონტროლს და შესაბამისად, უკრაინის ჯარების გაყვანას რეგიონის იმ რაიონებიდან, რომელთა ოკუპირება დღემდე ვერ შეძლო.
- უკრაინა მუდმივად აცხადებდა, რომ ეს მოთხოვნა მიუღებელია.
- როგორც საიმონ შუსტერი წერს პრეზიდენტ ზელენსკის ორ მრჩეველზე დაყრდნობით, უკრაინა შესაძლოა, მზად იყოს ყველაზე მძიმე დათმობისთვის.
კერძოდ, ჟურნალისტის წყაროთა თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვს უკრაინის ჯარების შესაძლო გაყვანის იურიდიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე კონსულტაციები აქვს სახელმწიფოს მეთაურის მრჩევლებთან, რათა ჯარების გასვლის შემთხვევაში ეს ტერიტორია ვერც რუსეთმა დაიპყროს და შესაბამისად, მისაღები იყოს უკრაინის მოქალაქეებისთვისაც.
ერთ-ერთი რესპონდენტის სიტყვებით, ამ შესაძლებლობების შესწავლისას მართლაც კრეატიულობას იჩენენ.
საიმონ შუსტერი უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ზელენსკის ურჩევნია საერთოდ არანაირი შეთანხმება არ გააფორმოს, ვიდრე ხალხს აიძულოს არამომგებიანი პირობების მიღება.
ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა დასავლეთის და უკრაინის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ კვირაში დაწერა, რომ უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე რეფერენდუმის ერთდროულად ჩატარების დაგეგმვა დაიწყო და პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს თარიღი 24 თებერვალს გამოაცხადოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ეს უარყო.
აშშ, უკრაინა და რუსეთი 2026 წლის იანვრის ბოლოდან აწარმოებენ სამმხრივ მოლაპარაკებას უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე.
დონბასის შესახებ აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.
- ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე ამოეწურა.
- უკრაინის კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად რჩება ახალ არჩევნებამდე.
- რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია ზელენსკის არალეგიტიმურობის შესახებ.
- უკრაინაში არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე 2025 წლის დეკემბერში ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
- ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, როცა ქვეყანაში ომია, მილიონობით უკრაინელი დევნილია და ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის ნაწილი.
ფორუმი