Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: ზელენსკი აპირებს 24 თებერვალს გამოაცხადოს არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარების გეგმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე რეფერენდუმის ერთდროულად ჩატარების დაგეგმვა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსთხოვა კენჭისყრის 15 მაისამდე ჩატარება.

ამას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წერს დასავლეთის და უკრაინის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა აშშ-ის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

გამოცემის წყაროთა თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გეგმა გამოაცხადოს 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლისთავზე.

განახლება: 11 თებერვალს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო, რომ არჩევნებისა და რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებას 24 თებერვალს აპირებს.

ზელენსკიმ ჟურნალისტებისთვის ონლაინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებისთვის მზად არიან, მაგრამ ეს უსაფრთხოების საკითხია და თუ ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყოფილი იქნება, იქნება არჩევნებიც.

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, 24 თებერვალი ძალიან სერიოზული თარიღია, ოთხი წელი ომიდან, რომელმაც სახელმწიფოს დამცველი უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 24 თებერვალს ვერანაირი არჩევნები ვერ გამოცხადდება. უკრაინის პრეზიდენტმა ისიც უარყო, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე უარით იმუქრება, თუ არჩევნები არ ჩატარდება. ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ამ ორ საკითხს ერთმანეთს არ უკავშირებენ.

  • ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე ამოეწურა.
  • უკრაინის კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად რჩება ახალ არჩევნებამდე.
  • რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია ზელენსკის არალეგიტიმურობის შესახებ.
  • უკრაინაში არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე 2025 წლის დეკემბერში ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
  • ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, როცა ქვეყანაში ომია, მილიონობით უკრაინელი დევნილია და ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის ნაწილი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ, რომელიც 4-5 თებერვალს ჩატარდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმება 2026 წლის ივნისისთვის გააფორმონ.

ომის დასრულების პირობებზე მიმდინარე მოლაპარაკებებისას რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და შესაბამისად, უკრაინის ჯარების გაყვანა რეგიონის იმ რაიონებიდან, რომლებსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ბოლო შეხვედრაზეც უკრაინამ დონბასის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.

აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მარტს განიხილავდნენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლო ვადად, თუმცა, გეგმის ამბიციურობასაც აღიარებდნენ. საუბარი იყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების შესახებაც.

  • კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ უკრაინაში 2026 წლის იანვრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით, 52% კატეგორიულად უარყოფს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ რუსეთისთვის მთელი დონბასის დათმობას.







ფორუმი

XS
SM
MD
LG