„მამა, დედა, და-ძმა“ (აშშ, 2025, რეჟისორი ჯიმ ჯარმუში)
საქართველოს კინოთეატრებში ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ჯიმ ჯარმუშის შედევრი, რომელიც შარშან ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომით“ აღინიშნა.
ვენეციაში გამარჯვება ერთია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისტორია, რომელიც ამ ტრიუმფს წინ უძღოდა. „მამა, დედა, და-ძმა“ ჯერ კანის ფესტივალის კომისიამ დაიწუნა და კონკურსგარეშე ჩვენება შესთავაზა (რაზეც ჯარმუშმა უარი თქვა), შემდეგ კი ვენეციის ბიენალეზე დაუპირისპირდა ფილმს, რომელიც ადგილობრივმა პუბლიკამ სარეკორდო აპლოდისმენტებით მიიღო — კაუტერ ბენ ჰანიას „ჰინდ რაჯაბის ხმას“.
ჰოაკინ ფენიქსი, ბრედ პიტი, ჯონათან გლეიზერი სპეციალურად ჩავიდნენ ვენეციაში ტუნისელი რეჟისორის პოლიტიკური დრამის მხარდასაჭერად. მაგრამ ჟიურიმ უპირატესობა ჯიმ ჯარმუშს მიანიჭა. პოლიტიკურად აქტუალური, ემოციური და ხმაურიანი ფილმი დამარცხდა აბსოლუტურად აპოლიტიკურ, ვნებებისგან თითქმის დაცლილ „ჩუმ კინოსთან“. სხვა შემადგენლობის ჟიურის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო. თუმცა იმ, ერთი შეხედვით ძველმოდურ კინოს, რომელიც მოულოდნელად გააცოცხლა თანამედროვე კულტურისა და პოპ-კულტურის უბადლო მცოდნემ, ვენეციაში ნამდვილად გაუმართლა.
მიკვირს, რომ „მამა, დედა, და-ძმა“ არ იწყება ტიტრით — „იასუძირო ოძუს ხსოვნას“. დიდ იაპონელ რეჟისორს შვილები არ ჰყოლია და დედასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მთელი შემოქმედება ოჯახური ურთიერთობების კვლევას მიუძღვნა. არაერთ დასავლელ კინემატოგრაფისტს გამოუხატავს მის მიმართ აღფრთოვანება — ვიმ ვენდერსმა თავის ანგელოზს „იასუძირო“ შეარქვა „ცა ბერლინის თავზე-ს" სცენარში, პოლ შრადერმა წიგნი დაწერა ოძუზე — თუმცა არავის გაუცოცხლებია ასე ზუსტად მისი სტილი 21-ე საუკუნის კინოში, როგორც ეს ჯარმუშმა შეძლო.
სხვათა შორის, ეს მან ჯერ კიდევ „პატერსონში“ მოახერხა — მინიმალისტური ხელოვნების იმ შედევრში, რომელმაც ბევრი დაარწმუნა, რომ დეტალის შეგრძნებით ჯარმუშს, „რიტუალური ფილმის“ დიდოსტატს, დღეს მსოფლიო კინოში ბადალი არ ჰყავს.
ტრიპტიქში სამი ნოველის მოქმედება სხვადასხვა ქვეყანაში ვითარდება. პირველში ამერიკელი და-ძმა (მაიმ ბიალიკი და ადამ დრაივერი) ნიუ-ჯერსიში, ქალაქგარეთ, გაიძვერა მამის — ტომ ვეიტსის პერსონაჟის — სანახავად მიემგზავრებიან. მეორე ნოველა ირლანდიაში გვამყოფებს: დუბლინელი დები (ვიკი კრიპსი და კეიტ ბლანშეტი) დედასთან, სასიყვარულო რომანების ავტორთან (შარლოტა რემპლინგი), ჩაის დასალევად მიიჩქარიან. მესამე ამბავში ამერიკელი და-ძმა პარიზში ჩადის ავიაკატასტროფაში დაღუპული მშობლების სახლის გასაყიდად და ნივთების მოსაწესრიგებლად.
ყველაზე ძლიერი სწორედ ეს მესამე ნოველა მგონია. აქ, როცა სიკვდილისა და ხსოვნის თემა შემოდის, მკაფიოდ იკითხება ჯარმუშის გზავნილი — მშობლების მიმართ ნამდვილი, გულწრფელი, უანგარო სიყვარული ხშირად მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ იბადება. სიყვარული აქ ბავშვობის ტკივილს ამარცხებს. პირველი ორი ესკიზის მკაცრი ოჯახური იერარქია მესამე ისტორიაში ქრება და ადგილს უთმობს პატივისცემის, ურთიერთგაგებისა და სიკეთის ეგალიტარულ ფორმას და-ძმას შორის. მშობლები აღარ არიან. ახლა „ბავშვებს“ შეუძლიათ გაიზარდონ.
მწარეა? კი. ცინიკურია? რა თქმა უნდა. ჯარმუშთან ოჯახი არც „წმინდაა“ და არც იდეალიზებული ინსტიტუტი. როგორც ერთ-ერთი გმირი ამბობს: „შეგიძლია აირჩიო მეგობარი, შეყვარებული, მაგრამ ოჯახის წევრს ვერ აირჩევ“.
„მამა, დედა, და-ძმა“ ჩვენი ხსოვნის სავარჯიშოცაა. სეანსის დროს ყველას შეუძლია გაიხსენოს ტკივილი, რომელიც ოჯახის წევრებისგან მიუღია — და, იქნებ, წყენაც დაივიწყოს. იუმორი და მელანქოლია აქ საოცარი სიზუსტითაა შეკრული. თანამედროვე კინოში იშვიათია რეჟისორი, რომელიც ამ ორი განწყობის მთლიანობას ასე ბუნებრივად ქმნის.
სამი ამბის მკვეთრი გამიჯვნა რეჟისორს საშუალებას აძლევს, თითოეულს საკუთარი რიტმი და ინტონაცია მიანიჭოს. ოჯახი აქ ერთიანი მოდელი კი არა, ცვალებადი სტრუქტურაა — სოციალური პირობითობებით, განმეორებადი რიტუალებითა და ხშირად უსიტყვო სოლიდარობით შედგენილი. მიუხედავად განსხვავებული სივრცეებისა და კულტურული კონტექსტისა, უნივერსალური ღირებულებები უცვლელია.
ჯარმუში ამ მთლიანობას დეტალებით ქმნის: სამივე ნოველაში საუბრობენ წყალზე და მის გემოზე; ყველგან ჩნდება სკეიტბორდით მოსეირნე; ერთ პერსონაჟს „როლექსი“ უკეთია. ეს თითქოს პატარა ლაიტმოტივებია, რომლებიც ისტორიებს ფარულად აკავშირებს. და რაც მთავარია, სამივე ნოველას აერთიანებს არა იმდენად კინემატოგრაფიული, რამდენადაც მუსიკალური ენა. ჯარმუში კინოს მუსიკოსივით იღებს — პაუზებით, ტემპის აჩქარება-შენელებით, განმეორებებით. ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ სიტყვა ხშირად ყოყმანობს, ვერ გამოითქმის. სწორედ მაშინ იწყებს საუბარს სხეული — ჟესტი, მზერა, სიჩუმე.
თუ კინო მართლა გიყვართ, ეს ყველაფერი ისეთ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რომ დარბაზიდან ბედნიერი ღიმილით გამოხვალთ. და ეს ღიმილი დიდხანს შეგრჩებათ.
ფრანგული ჟურნალი Cahiers du Cinéma წერს, რომ ჯარმუშის კადრი ჰგავს იმ სარდაფს, სადაც მესამე ნოველის გმირები მშობლების ნივთებს ალაგებენ — ფილიგრანული სიზუსტით დალაგებულ საგნებს, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს.
„მამა, დედა, და-ძმა“ ყველაფერს შეიცავს, რაც ჯარმუშის თაყვანისმცემლებს გვიყვარს მის კინოში. მაგრამ, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მოუსვენარ ავტორს, რომელმაც მთელი შემოქმედება საკუთარი ადგილიდან მოწყვეტილ ადამიანებს მიუძღვნა, პირველად ესმის სახლის ხმა. პირველად აღიარებს, რომ ენატრება ყველაფერი, რასაც გაექცა.
ფორუმი