გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილების ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის გაძლიერებული თავდასხმები და პალესტინელების ძალადობრივი გადასახლება, როგორც ჩანს, ღაზაში მუდმივი დემოგრაფიული ცვლილებებისკენ იყო მიმართული, რაც „ეთნიკური წმენდის შესახებ შეშფოთებას იწვევს“.
მისი თქმით, ჰამასის ისლამისტური მებრძოლი დაჯგუფების მიერ მძევლების დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა შესაძლოა, ომის დანაშაულს უტოლდებოდეს.
ჟენევაში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო ანგარიშის დასკვნები ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით და განცხადებაში აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა სანდოობა დაკარგა.
„უმაღლესი კომისრის სამსახური ჩართულია ისრაელის სახელმწიფოს დემონიზაციისა და მის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მანკიერ კამპანიაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ჰამასმა კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
17-გვერდიან ანგარიშში გამოკვლეულია 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრამდე ღაზაში განვითარებული მოვლენები.
ჰამასმა სამხრეთ ისრაელს 2023 წლის ოქტომბერში შეუტია, რის შედეგადაც, ისრაელის დათვლებით, 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად იქნა აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის სამხედრო შეტევის შედეგად 72 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შარშან ოქტომბერში შევიდა, ორწლიანი ომის შემდეგ, რომელმაც ღაზის სექტორში შენობების ნგრევა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის იძულებით გადაადგილება და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ისრაელი კვლავ აკონტროლებს ანკლავის ნახევარზე მეტს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის ქმედებებმა შექმნა „ცხოვრების პირობები, რომლებიც სულ უფრო მეტად შეუთავსებელია პალესტინელების, როგორც ეთნიკური ჯგუფის, ღაზაში არსებობასთან.
გასული წლის აგვისტოში, "შიმშილის გლობალურმა მონიტორინგმა" ღაზის ზოგიერთ ნაწილში გამოავლინა, რომ შიმშილი და არასრულფასოვანი კვება ისრაელის ქმედებების პირდაპირი შედეგი იყო, - წერენ ანგარიშის ავტორები.
ანგარიშში ასევე წაიკითხავთ, რომ მილიტარიზებულმა გამანაწილებელმა ცენტრებმა - რომელსაც ღაზის ჰუმანიტარული ფონდი (GHF) მართავს და მას მხარს უჭერს ისრაელი და შეერთებული შტატები - „მთლიანად ჩააგდეს“ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საჭირო მასშტაბით, რითაც დაარღვიეს ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები.
გაეროს დოკუმენტის თანახმად, „ანგარიშგების პერიოდში, გაძლიერებული თავდასხმები, მთელი უბნების მეთოდური განადგურება და ჰუმანიტარული დახმარების უარყოფა, როგორც ჩანს, ღაზაში მუდმივი დემოგრაფიული ცვლილებისკენ იყო მიმართული“, - „ეს, იძულებით გადასახლებებთან ერთად, რომლებიც, როგორც ჩანს, მუდმივი გადაადგილებისკენ არის მიმართული, ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე ეთნიკური წმენდის შესახებ შეშფოთებას იწვევს.“
ანგარიშში წერია ასევე, რომ გასული წლის ივნისში შეიარაღებული პირების მიერ GHF-თან დაკავშირებული 12 პალესტინელი თანამშრომლის მკვლელობა, მათ შორის შესაძლო ჯგუფური სიკვდილით დასჯა, შესაძლოა ჰამასის მიერ ომის დანაშაულად ჩაითვალოს. ჰამასმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება მშვიდობიანი მოსახლეობის, როგორც ადამიანური ფარის, გამოყენებასთან დაკავშირებით ისრაელის თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, რასაც ჰამასი უარყოფს და ხაზგასმულია პალესტინის ხელისუფლების მიერ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენება დასავლეთ სანაპიროზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ჰამასი ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილი მძევლების დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა შეიძლება ომის დანაშაულად და პოტენციურად სხვა სასტიკი დანაშაულებად ჩაითვალოს. მასში მოყვანილია წამების, ცემისა და საკვების ჩამორთმევის ბრალდებები. „ასევე უნდა იყოს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის შესაძლო საერთაშორისო დანაშაულებზე, რომლებსაც ჰამასი და მისი შეიარაღებული ფრთა, ალ-ქასამის ბრიგადები, ასევე სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ფორუმი