Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა და „უალტერნატივო პატიმრობა“


ომბუდსმენმა უკვე წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
ომბუდსმენმა უკვე წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული აკრძალვები შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა გაასაჩივრა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებული არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი შეფასებით, კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს.

მათ შორისაა სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის „ბლანკეტურად აკრძალვა“.

ომბუდსმენის აპარატის მიერ 20 იანვარს გავრცელებული ცნობის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც „უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა“.

„ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია განცხადებაში.

ეს ცვლილებები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. მმართველი გუნდის პოზიციით, ნიღბის ტარებისას ადამიანებს ჰქონდათ „ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული“, ამკრძალავი ნორმა კი „პრევენციული ხასიათის“ არის.

ლევან იოსელიანს აქამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ:

  1. „პირბადეების აკრძალვა არაა სწორი. შეიძლება, ადამიანს პირბადე სურდოს ან სხვა მოსაზრებების თუ საჭიროების გამო ეკეთოს“.
  2. „ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება აუკრძალო ადამიანს ნიღბის გაკეთება, თუ მას ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის საკითხი არ არის, არსებობს ნიღაბი, რომელიც ვიღაცისთვის რელიგიური ატრიბუტია“.

ის, რომ ამ ნორმების გასაჩივრებას აპირებდა, ლევან იოსელიანმა 25 დეკემბერს განაცხადა.

პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტის შესაზღუდად სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, არაერთხელ შეცვალა კანონი:

  • აიკრძალა პირბადის ტარება (საწყის ეტაპზე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კი უკვე 15 დღემდე პატიმრობა. განმეორების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და გათვალისწინებულია 1 წლამდე პატიმრობა);
  • იგივე სასჯელია გათვალისწინებული გზასა და ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებისთვის;
  • აიკრძალა ლაზერის ტარება და ა.შ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG