Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის კიდევ 2 მონაწილეს შეუფარდეს პატიმრობა, ერთი დააჯარიმეს

გარეკანის ფოტოების ავტორები: ილია ღლონტი (პირადი ფეისბუკი), „პუბლიკა“ და გიორგი მოსიაშვილი
გარეკანის ფოტოების ავტორები: ილია ღლონტი (პირადი ფეისბუკი), „პუბლიკა“ და გიორგი მოსიაშვილი

დღეს, 2026 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ კიდევ ორ დემონსტრანტს შეუფარდა პატიმრობა, მათ შორის ერთს - ტროტუარზე პროტესტის გამო. კიდევ ერთი მოქალაქე კი დააჯარიმეს.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 4 500 ლარით დააჯარიმა ნუცა მახარაძე, - იგი 14 იანვარს ირანის საელჩოსთან აქციაზე დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. საელჩოსთან აქციები ირანში ხელისუფლების მიერ ათასობით დემონსტრანტის დახოცვას მოჰყვა.

  • ნუცა მახარაძე, - ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილე, - პროტესტის დროს დაკავების გარდა, თავდასხმის სამიზნეც გამხდარა. მის საცხოვრებელ სახლში „ბრილიანტის მწვანით“ თავდამსხმელი პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს ნაპოვნი.

დღესვე, მოსამართლე დავით მაკარაძემ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ილია ღლონტს, - დემონსტრანტს, რომლის წინააღმდეგ საქმისწარმოებაც ტროტუარზე პროტესტის გამო დაიწყეს.

მას 17 დეკემბერს გამართული აქციისას ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდნენ.

ილია ღლონტი ამჟამად არის მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ ერთ-ერთი ლიდერი.

დღეს, 17 თებერვალს, 4-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს აქციების კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი რომელაშვილი.

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, მას განათლების დასაცავად გამართულ მარშზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოიტანა.

--

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.
  • ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.
  • „სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG