Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნახტომი სიცარიელეში

ფედერიკო ფელინის „დედიკოს ბიჭები“
ფედერიკო ფელინის „დედიკოს ბიჭები“

„დედიკოს ბიჭები“ (1953, იტალია, რეჟისორი ფედერიკო ფელინი)

იტალია ეროვნული კინოს ვარსკვლავის, ფრანკო ფაბრიცის დაბადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკვე აღადგინეს რამდენიმე ნეორეალისტური ფილმი ფაბრიცის მონაწილეობით. საყოველთაო აზრით, ფრანკო ფაბრიცი პირველი დიდი კინომსახიობია, რომელმაც ადამიანურობა და ბუნებრიობა მიანიჭა „ანტიგმირებს“ კინოში... იგი ძირითადად უარყოფით პერსონაჟებს ასახიერებდა, თუმცა არცერთი ეს სახე არ ყოფილა ხელოვნური, უტრირებული.

დიდი არტისტის საიუბილეოდ, მე მაინც არა რომელიმე ტიპური ნეორეალისტური ფილმის ნახვას გირჩევდით, არამედ იმ კინოს გახსენებას, რომლითაც ფაქტობრივად სრულდება ნეორეალიზმის ეპოქა, ჩემი აზრით, ფედერიკო ფელინის ერთ-ერთი საუკეთესო და სამწუხაროდ, მივიწყებული ფილმისა - „დედიკოს ბიჭები“... არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ კინოს მოყვარულებს დღეს ამ შედევრიდან მხოლოდ ნინო როტას გენიალური მუსიკა ახსოვთ ან შეიძლება ალბერტო სორდის, ამ არაჩვეულებრივი ტრაგიკომიკოსის, ერთ-ერთი პირველი როლი, მაგრამ მთლიანად „დედიკოს ბიჭები“ და ფაბრიცის როლი ჩვენში ბევრს დაავიწყდა. არადა ფედერიკო ფელინის პირველი შედევრი, სატირა 50-იანი წლების იტალიურ პროვინციაზე, „ზრდაშეჩერებულ ბავშვებზე“, ახალგაზრდებზე, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი ახერხებს გაქცევას, იმდენადაა იტალიური, რამდენადაც ჰგავს ქართულ კინოს, ისევე როგორც ეს ინფანტილური ახალგაზრდები ძალიან ჰგვანან ქართველებს.

ფელინის მოყვარულებს აქ არაერთი სცენა გაახსენებს მის გვიანდელ ფილმებს. მთლიანად „დედიკოს ბიჭები“, ფელინის მშობლიური ქალაქის, რიმინის მოგონება, ერთგვარი ესკიზია „ამარკორდისთვის“. თუმცა მაინც მგონია, რომ გვიანდელმა ფელინიმ დაკარგა ეს სისადავე, დრამატული კომპოზიციის გაძლიერება ემოციებში( არა პათეტიკასა თუ ვიზუალურ ეფექტებში), დაკარგა ის ახალგაზრდული სიხალისე, რაც იგრძნობა „დედიკოს ბიჭების“ ყველა ეპიზოდში, მაგრამ განსაკუთრებით ფინალში, რომელზეც - რამდენჯერაც არ უნდა ვნახო - ცრემლი მადგება ხოლმე.

ფაბრიციც უარყოფით გმირს ასახიერებს, მაგრამ თამაშობს ფედერიკო ფელინის ხედვით, სამყაროს ფელინისეული აღქმის მიხედვით. „დედიკოს ბიჭებში“, ფელინის მეორე ფილმში და პირველ შედევრში, ეს აღქმა უკვე ჩამოყალიბებულია - სამყარო ცირკს ჰგავს, ადამიანი კი ბაგირზე მოსიარულე არტისტს, რომელმაც წონასწორობა უნდა დაიცვას.

მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში, ბერლინის ფესტივალის კატალოგში ერთი ქართული ფილმი ასე იყო წარდგენილი: „ესაა ამბავი 23 წლის ყმაწვილზე, რომელიც თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს“... ქართველებს უკვირდათ, რატომაა ეს ფაქტი აღსანიშნავიო. მაგრამ გერმანელებსაც უკვირდათ, რომ 23 წლის ახალგაზრდა კაცი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. შეიძლება ბევრ მათგანს ახსოვდა კიდეც ფელინის „დედიკოს ბიჭები“, რომლის პერსონაჟებს მთლად 30 წელი შეუსრულდათ, მაგრამ მშობლებთან ერთად, მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ... ახსოვდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ ეგ ომისშემდგომი წლების იტალიაა, ნეორეალიზმია, პროვინციაა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, სადაც არაა სამუშაო. მაგრამ მეოცე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა კაცი რომ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, თანაც ისე, რომ სამუშაო არც კი უძებნია... გერმანელისთვის ეს მაინც თავისებური ეგზოტიკა იყო - „საინტერესო ფილმი იქნება ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მშობლების სახლში ცხოვრობს“, - ფიქრობდა, ალბათ, ბერლინელი მაყურებელი.

არა, „დედიკოს ბიჭები“ აღარაა ნეორეალიზმი. სოციალური უსამართლობის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მთავარი. თუ, რა თქმა უნდა, დიდი ქალაქის და მკვდარი, მოსაწყენი პროვინციის „უთანასწორობას“ არ ჩავთვლით. ფელინი არსად, ფილმის არცერთ ეპიზოდში არ კარგავს სითბოს, თანაგრძნობას, იუმორს და ტკივილსაც, რომელიც უდარდელ სიყმაწვილესთან, ბავშვობის სახლთან დამშვიდობების პროცესის ნაწილია. ძალიან „ქართული“ მგონია ეს დამოკიდებულება. აბა, გაიხსენეთ - „იყო შაშვი მგალობელში“, რომლის ახალგაზრდა გმირი ასევე „ბავშვობის სახლში“ ცხოვრობს, ეს უდარდელობა, საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ზედაპირულობა გმირის მოულოდნელი სიკვდილით მთავრდება. იოსელიანი აკრიტიკებდა თავისი ფილმის პროტაგონისტს, ისევე როგორც ფელინი ქილიკობდა „დედიკოს ბიჭებზე“. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ამ ბიჭებისთვის სიყვარული და თანაგრძნობა არ დაუკლია.

ფილმის პრემიერის შემდეგ ნეორეალიზმის მთავარმა თეორეტიკოსებმა, ასევე იტალიელმა მემარცხენე პოლიტიკოსებმა, ფელინის პერსონაჟების რომანტიზაციაში დასდეს ბრალი. სინამდვილეში რეჟისორის მოქალაქეობრივი პოზიცია და მისი მთავარი გზავნილი ღრმად სოციალურია და აბსოლუტურად მოკლებულია ნოსტალგიურ-რომანტიკულ საღებავებს. ფელინი თანაუგრძნობს, მაგრამ ემიჯნება ბავშვობის ქალაქის ახალგაზრდობას, რადგანაც მისთვის ცხოვრების ეს წესი კონფორმიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. ამიტომ მგონია, რომ დღეს, მით უმეტეს იმის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, “დედიკოს ბიჭები” უამრავ ნაცნობს გაგახსენებთ… მერე კი, შესაძლებელია, საკუთარი თავიც დავინახოთ.

სხვა საქმეა “დედიკოს ბიჭების” მთავარი გმირის, მორალდოს სახე. შინაარსის მიხედვით, მორალდო ერთადერთია, რომელიც შეძლებს ბავშვობის სახლის ტყვეობისგან განთავისუფლებას. მაგრამ ძნელია იმას, რასაც ვნახავთ ფილმის ფინალში, ჰეპი-ენდი უწოდო. პირიქით, ეს სევდიანი ინტონაცია ფილმის ფინალისკენ კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორ განვითარდება მორალდოს ცხოვრება? მიაგნებს თუ არა სამუშაოს დიდ ქალაქში? გახდება თუ არა ბედნიერი? დაავიწყდება თუ არა მშობლიური კერა და ძმაკაცები, რომლებიც ასე ძლიერ უყვარდა? ყველა ეს კითხვა დაგიგროვდებათ ფილმის ნახვის შემდეგ. კინოშედევრი სხვა არაფერია - ის არასდროს არ სრულდება ფინალის შემდეგ... შედევრი უსასრულოა.

ეს დიალოგი კი ნამდვილი პოეზია:

- რატომ მიემგზავრები, რატომ გვტოვებ?

- არ ვიცი. უნდა წავიდე. სიცოცხლე ეს უდიდესი ნახტომია... სიცარიელეში.


ფილმის ორიგინალურ ვერსიას ინგლისური სუბტიტრებით ნახავთ აქ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG