Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საგარეო უწყებამ საქართველოს შესახებ სენატორების შეკითხვებს უპასუხა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონელმა სენატორებმა თავიანთი ქვეყნის საგარეო უწყებიდან მიიღეს პასუხები საქართველოს შესახებ მათ მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე.

რადიო თავისუფლების მიერ პოლონეთის სენატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სენატორებმა - ადამ ბოდნარმა და გჟეგოჟ სხეტინამ (სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე) საქართველოს შესახებ შეკითხვებით მიმართეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის.

ისინი დაინტერესდნენ პოლონეთის დიპლომატიური ჩართულობით საქართველოს საკითხებში, კერძოდ - რა ნაბიჯებს დგამს პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, რომ მან შეწყვიტოს რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები. სენატორებს აგრეთვე აინტერესებდათ, აპირებს თუ არა პოლონეთის მთავრობა ოფიციალურად მოითხოვოს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ახლახან სენატორებმა მიიღეს პასუხი პოლონეთის საგარეო უწყებიდან, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ტეოფილ ბარტოშზევსკი, რომელიც მათ არწმუნებს, რომ საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესის სფეროში რჩება და უწყება მოქმედებს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

პოლონეთის სახელმწიფო მინისტრმა სენატორებისთვის მიწერილ პასუხში ყურადღება გაამახვილა შემდეგ ინიციატივებზე:

  • გასული წლის დასაწყისში პოლონეთმა შეაჩერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული განვითარების პროექტები.
  • საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ, “ვაიმარის სამკუთხედისა” (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მიიღო არაერთი განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, აგრეთვე მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიის ჩათვლით.
  • პოლონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სავიზო აკრძალვა დაუწესეს საქართველოს უსაფრთხოების ძალების შერჩეულ წარმომადგენლებს. დამატებით, პოლონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვა.

პოლონეთის სახელმწიფო მინისტრის თანახმად, "საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და არწმუნებს საქართველოს შესახებ შეკითხვების ავტორ სენატორებს, რომ საგარეო უწყება სამომავლოდ მიმართავს ძალისხმევას საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დამცველების, მათ შორის - მზია ამაღლობელის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად".

პოლონელი სენატორების - ადამ ბოდნარისა და გჟეგოჟ სხეტინას განცხადებით, “თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება, ხელისუფლების მხრიდან მუდმივი რეპრესიისა და დემონსტრანტების დასაშინებლად სულ უფრო კრეატიული მიდგომების გამოყენების მიუხედავად. ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და მისთვის იმის მუდმივად შეხსენება, რომ საქართველოს საზოგადოებას კვლავაც აქვს ევროპული ოცნება”.


ფორუმი

XS
SM
MD
LG