„ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ“.
ელჩებმა - ოლივიე კურტომ (საფრანგეთი), პეტერ ფიშერმა (გერმანია) და გარეთ უორდმა (გაერთიანებული სამეფო) - ერთობლივი განცხადება უკრაინის საელჩოსთან ერთად გამართულ კონფერენციაზე გააცნეს საზოგადოებას. განცხადების ტექსტი ამავდროულად საელჩოებმა გამოაქვეყნეს.
ისინი კიდევ ერთხელ უწოდებენ დეზინფორმაციას მტკიცებას მათი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის „მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებაზე“.
მხარდაჭერა უკრაინას
ელჩები აცხადებენ, რომ მათს ქვეყნებს კვლავ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, უკრაინას გაუწიონ „კონკრეტული და გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად“.
მათი შეფასებით, 2025 წელი გამორჩეული იყო „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში „მობილიზაციისა და ერთიანობის უპრეცედენტო დონით“.
ისინი ამახვილებენ ყურადღებას აშშ-სთან ახლო პარტნიორობაზე და აცხადებენ, რომ „ამ მიმართულებით ძალისხმევას“ განაგრძობენ.
„ჩვენი პრინციპები ნათელია: უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული; უკრაინას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა; ხოლო უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს. ევროპის შესახებ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება ევროპელების გარეშე. საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, - აცხადებენ ელჩები.
„ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას და მოვუწოდებთ რუსეთს, კეთილსინდისიერად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - ამბობენ ისინი.
დახმარება და სანქციები
შემდეგ ელჩები საუბრობენ უკრაინის თავდაცვის 50-წევრიან საკონტაქტო ჯგუფზე და მიუთითებენ, რომ 2025 წელს დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება შეაგროვეს, ხოლო 2026 წლისთვის უკვე შეთანხმებულია დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის გამოყოფა.
გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი პირობას დებენ, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და გაზრდიან ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა და „დათანხმდეს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას“.
მათი თქმითვე, ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტსა და "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებს ეხება.
ევროკავშირს რუსეთისა და ბელარუსისათვის სანქციების მე-20 პაკეტის მიღება აქვს დაანონსებული.
გავლენა საქართველოზე
ელჩების თანახმად, ისინი სრულად აცნობიერებენ, „თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში“ - ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილის გათვალისწინებით. იქვე აცხადებენ:
„მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას“.
სამი ქვეყნის ელჩები „კვლავ მტკიცედ“ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი.
„ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატოს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სანქციების დაცვა, ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება
ელჩების თანახმად, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეს შემდეგნაირად გააკეთოს:
„რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით“.
„საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - განაცხადეს მათ.
„ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ“, - მიიჩნევენ ელჩები.
ისინი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ „რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს - ენერგეტიკულ მდგრადობას“.
ელჩები გამოხატავენ თავიანთი ქვეყნების მზაობას, ითანამშრომლონ საქართველოსთან „ამ კრიტიკულ საკითხებზე“.
ფორუმი