ომის დაწყების მეოთხე წლისთავისთვის ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცებას, რაც ვერ შეძლო უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.
24 თებერვალს ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა დახვდა.
ფონ დერ ლაიაენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევში მეათედაა, რათა დაადასტუროს, რომ ევროპა უკრაინას ურყევად უჭერს მხარს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ერთგულებას და როგორც უკრაინელ ხალხს, ისე აგრესორს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ უკან არ დაიხევენ, სანამ მშვიდობა არ აღდგება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, მშვიდობა უკრაინის პირობებით უნდა დამყარდეს.
„ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის ძლიერ და სუვერენულ ევროპაში", - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.
23 თებერვალს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინიდან მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო დაბლოკეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც.
„დრუჟბის“ იმ ნაწილმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, მუშაობა 27 იანვრიდან შეაჩერა. კიევში განაცხადეს, რომ მილსადენი დაზიანდა რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად.
სლოვაკეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი, რომლებსაც კიევის მიერ დასახელებული მიზეზის არ სჯერათ, უკრაინას პოლიტიკური მოტივებით მოქმედებასა და ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, რომელიც 23 თებერვალს ონლაინ მონაწილეობდა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში, განაცხადა, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს არ დაუგმიათ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ 27 იანვარს განხორციელებული შეტევა და ნაცვლად ამისა შანტაჟს და ულტიმატუმებს მიმართავენ.
სიბიჰას თქმით, უნგრეთის და სლოვაკეთის ულტიმატუმების ადრესატი მხოლოდ კრემლი უნდა იყოს.
დღეს, 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, ფინეთის, დანიის, ისლანდიის, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერებიც.
კიევი უკრაინის და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების სამიტს და „მსურველთა კოალიციის“ სხდომას მასპინძლობს.
ფორუმი