Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის ომის გარშემო შემდეგ შეხვედრა აშშ-ს წარმომადგენლებთან უკრაინის აღდგენაზე იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დელეგაცია, რომელიც ომის გარშემო მოლაპარაკებებში არის ჩართული, 26 თებერვალს შეხვდება აშშ-ის ოფიციალურ პირებს და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე, მათ შორის „კეთილდღეობის პაკეტზე“ იმსჯელებს, რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ.

მოლაპარაკებები მარტში არის მოსალოდნელი, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან განაცხადა, რომ აშშ-ს სურს იპოვოს გზა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი. თუმცა, მოსკოვის და კიევის პოზიციები კვლავ დაშორებულია ერთმანეთთან.

„ჩემი აზრით, სირთულეები ამჟამად სამხედრო დონეზე არ არის. პრობლემა ამ ომის დასრულების პოლიტიკურ ნებასა და ტერიტორიების საკითხშია“, - განაცხადა ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტიორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე: „ვფიქრობ, სამმხრივი მოლაპარაკებები მარტის დასაწყისში გაიმართება. ხვალ, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე ეკონომიკური დოკუმენტები მომზადდება “.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებები, რომ კიევი ბირთვული იარაღის მოპოვებას ცდილობდა, მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მცდელობა იყო.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას ბირთვული იარაღი არ აქვს და მოუწოდა აშშ-ს, რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ განხორციელებულ საშიშ რიტორიკაზე.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი 26 თებერვალს ჟენევაში შეხვდება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს, ტრამპის სიძეს.

რუსეთის საჰაერო დარტყმებისა და ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიყენებული ნგრევის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქცია ომის დასრულების შესახებ ფართო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა.

კიევი იმედოვნებს, რომ ქვეყნის აღსადგენად მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის სახელმწიფო და კერძო სახსრების მოზიდვას შეძლებს. მსოფლიო ბანკის მიერ 23 თებერვალს გამოქვეყნებული უახლესი შეფასებით, უკრაინის ეკონომიკის აღდგენა, სავარაუდოდ, 588 მილიარდი დოლარი დაჯდება. შეფასება ეფუძნება 2022 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს.

უკრაინელი ოფიციალური პირები უკრაინას ევროკავშირის მომავალ წევრად და მომგებიან საინვესტიციო ადგილად წარმოაჩენენ, თუმცა ამ მხრივ ძვრები დამოკიდებულია ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ჯერ კიდევ მიუღწეველია.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი და ამერიკელი წარმომადგენლები ჟენევაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის დეტალებსაც განიხილავენ.

უკრაინის და რუსეთის წარმომდგენლები გასულ კვირას ჟენევაში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს აშშ-ს შუამავლობით, თუმცა ძირითად საკითხებზე, მათ შორის ტერიტორიულ თემაზე, ვერ მიაღწიეს რაიმე გარღვევას.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის ინდუსტრიული და ძლიერ გამაგრებული ტერიტორიის დარჩენილი 20%, რომელსაც ის კვლავ აკონტროლებს. უკრაინა აცხადებს, რომ არ დათმობს ტერიტორიას, რომლის დასაცავადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG