Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის 6 რეგიონი ისევ ენერგომომარაგების გარეშეა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული ბინა ქალაქ ზაპოროჟიეში. 2026 წლის 26 თებერვალი
რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული ბინა ქალაქ ზაპოროჟიეში. 2026 წლის 26 თებერვალი

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი კომბინირებული შეტევის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, პოლტავის და ხარკოვის ოლქების მცხოვრებთა ნაწილს.

რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად ენერგოსისტემისთვის მიყენებული ზიანის შესახებ 26 თებერვალს, დღისით განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ. მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყო და დილითაც გრძელდებოდა.

რუსეთის ჯარების მუდმივი დარტყმებით ენერგოობიექტების ნგრევისა და დაზიანების გამო უკრაინის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებს. ამასთან, ხშირია შემთხვევები, როცა ენერგომომარაგება გრაფიკითაც შეუძლებელია.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც ამის საშუალებას იძლევა უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება.

უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლექსი კულებას ინფორმაციით, 26 თებერვალს რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს შეტევა რკინიგზის ინფრასტრუქტურაზეც. დაზიანებებია ხარკოვის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში.

  • უკრაინის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციების მიერ დილიდან გავრცელებული ცნობებით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქე.
  • დანგრეული ან დაზიანებულია ათეულობით სახლი. მათ შორის ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ვინიცის ოლქებში და დედაქალაქ კიევში.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 26 თებერვალს დღის 12 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 2 გემსაწინააღმდეგო რაკეტით „ცირკონი“, 11 ბალისტიკური, 24 ფრთოსანი და 2 მართვადი საავიაციო რაკეტით, 420 უპილოტო საფრენი აპარატით.

მონაცემების გამოქვეყნების მომენტისთვის საჰაერო ძალების სარდლობას დადასტურებული ჰქონდა ორივე „ცირკონის“, ორივე მართვადი საავიაციო რაკეტის, 24-ვე ფრთოსანი რაკეტის, 4 ბალისტიკური რაკეტის და 374 დრონის მოგერიება და 5 ბალისტიკური რაკეტით და 46 დრონით პირდაპირი დარტყმა 32 ადგილზე. დარჩენილი ბალისტიკური რაკეტების შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე „კიევის ტერორისტული შეტევების " პასუხად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს, არმიის „ინტერესებისთვის გამოყენებულ" ენერგოობიექტებს და სამხედრო აეროდრომებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ სამოქალაქო ობიექტებზე და როდის განხორციელებულ „ტერორისტულ შეტევებზე" პასუხი იყო უკრაინაზე მორიგი მასირებული დარტყმა.

თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებას საჯაროდ არაფერი უთქვამს ქვეყნის სამხედრო აეროდრომებსა და სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე შეტევის შესახებ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG