Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით დააპატიმრეს Facebook-კომენტარის გამო

ლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ხუთი დღით დააპატიმრეს Facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. 

ჩხარტიშვილი პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე წაიყვანა.

„Facebook-კომენტარის ​გამო მედავებიან და ეს კიდევ დასამტკიცებელია, ჩემი დაწერილია თუ არა. მე პირადად სულ არ მახსოვს ჩემია თუ არა, მაგრამ სულისკვეთებას ვიზიარებ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

კონკრეტულად რას ედავებიან მას?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკოსს სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა „ნეტგაზეთის“ პლატფორმაზე 4 ოქტომბერს დატოვებული კომენტარის გამო. Facebook-ში გამოქვეყნებულ სტატიას „აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?“ ერქვა, მისი სახელით კი ეწერა: „აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბი**რების გასვენებაში?“

შსს-მა მიიჩნია, რომ ამ კომენტარით პოლიტიკოსმა შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლე დავით მაკარაძეს.

საერთო სურათი

ბოლო ორი წელია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პოლიცია აქტიურად რეაგირებენ საზოგადოებაში არსებულ პროტესტზე: ხელისუფლება იღებს ახალ კანონებს და ცდილობს მის აღსრულებას.

ახალი კანონებით:

  • ჯერ ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის წესით ისჯება ტროტუარებზე პროტესტი;
  • დასჯადი გახდა „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის“ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება“;
  • შეიზღუდა დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზები.

ფეისბუკკომენტარის გამო 2025 წლის ივლისში 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტ როსტო ზარანდიასაც - მას შსს ედავებოდა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის შეურაცხყოფას, რადგან იგი „ტვინგედ“ და „ფოჩოდ“ (მეგრულად: გამოტვინებული და ლენჩი) მოიხსენია.

გარდა ადმინისტრაციული საქმეებისა, არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სასამართლო სხდომებზე მოსამართლის შეურაცხყოფის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG