Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები ირანში, საჰაერო განგაში ისრაელში - გრძელდება ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია თეირანის წინააღმდეგ

ირანის წინააღმდეგ "მასშტაბური სამხედრო ოპერაციების" დაწყების შესახებ 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
ირანის წინააღმდეგ "მასშტაბური სამხედრო ოპერაციების" დაწყების შესახებ 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.

ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო იერიში დაადასტურეს ისრაელმა და აშშ-მა, 28 თებერვალს.

ირანის მედია ადასტურებს აფეთქებებს ქვეყნის ტერიტორიაზე - არაერთ ქალაში, მათ შორის ასახელებენ თეირანს, ტებრიზს, ისპაჰანს, კუმს, ლურესტანსა და ჩაბახარს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, იტყობინება, რომ “რამდენიმე რაკეტამ” დაარტყა დანეშგაჰისა და ჯომხურის ქუჩებს.

სახელმწიფო ტელეარხმა IRINN-მა მიმდინარე პროცესს “ამერიკა-ისრაელის აგრესია” უწოდა. ასევე ეთერში გაუშვა თეირანში გადაღებული ვიდეო - კვამლის სვეტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ირანიდან კვლავ არ გავრცელებულა ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ. გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული Tasnim-ის ინფორმაციით, ირანის საჰაერო სივრცე დაიკეტა.

დილიდან ისრაელში რამდენიმეჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში - ირანის მიერ რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების გამო. ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე წითლად არის მონიშნული არაერთი ადგილი ისრაელის მთელ ტერიტორიაზე.

"განგაშის სიგნალი ისმის მთელ ისრაელში", - წერს თავდაცვის უწყება ნახევარი საათის წინ გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში. მსგავსი შინაარსის ცნობები 28 თებერვალს არაერთხელ გავრცელდა.

ასევე იყო არაერთი განცხადება, რომ ისრაელის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები წარმატებით უმკლავდებიან ირანის მხრიდან თავდასხმას.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მიმართეს მოსახლეობას - იყვნენ ფრთხილად და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

უფრო ადრე, ჯერ ისრაელმა, ხოლო შემდეგ აშშ-მა დაადასტურეს, რომ სამხედრო იერიში მიიტანეს ირანის ტერიტორიაზე.

ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო იერიშს თავდაპირველად „პრევენციული დარტყმა“ უწოდა, ხოლო რამდენიმე საათში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო.

28 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“

მან მიმართა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და სამხედროებს ირანში, დაყარონ იარაღი, რისთვისაც მიიღებენ "სამართლიან მოპყრობასა" და „სრულ იმუნიტეტს“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "უცილობელი სიკვდილი" ემუქრებათ.

"თქვენი თავისუფლება ახლოს არის", - ტრამპი ასევე მიმართავს ირანელებსაც - "დიდებულ, ამაყ ხალხს", რომ მათი თავისუფლების დრო დადგა, აშშ მათ რეალურად უჭერს მხარს და დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში, რადგან „გარეთ გასვლა სახიფათოა“ - „ბომბები ჩამოცვივდება ყველგან“.

აშშ-ის პრეზიდენტი ადანაშაულებს ირანს საკუთარი მოქალაქის მკვლელობისთვის. იანვარში, როდესაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვა დაიწყეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს მიმართა სიტყვებით: "დახმარება გზაშია!"

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის რაკეტები საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროირანულმა ჯგუფმა იემენში - „ანსარ ალამ“ - განაცხადა, რომ ისიც შეუტევს ისრაელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG