Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი რაკეტებს უშვებს ისრაელისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართულებით

რაკეტა "ფატეჰ-100"-ის გაშვების მომენტი
რაკეტა "ფატეჰ-100"-ის გაშვების მომენტი

28 თებერვლის დილას ისრაელში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში, ირანის ტერიტორიიდან რაკეტებისა და დრონების გაშვებასთან დაკავშირებით. ისრაელის სამხედროებმა, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მანამდე ირანის სამიზნეებზე დაიწყეს დარტყმების განხორციელება.

ისრაელის თავდაცვის არმიამ მოქალაქეებს განგაშის დროს დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ რაკეტებისა და დრონების გადატაცებაზე.

ჯერჯერობით არ ვრცელდება მონაცემები გაშვებული რაკეტების რაოდენობაზე. ისრაელის თავდაცვა ადასტურებს, რომ რამდენიმე ადგილას რაკეტა სამიზნეს მოხვდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის. მოგვიანებით გამოცხადდა განგაშის შეწყვეტის შესახებ.

გასული წლის ზაფხულში, ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში წარმოებული საბრძოლო კამპანიისას ისრაელის ტერიტორიაზე 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სარაკეტო დარტყმების შედეგად.

იემენის დედაქალაქზე კონტროლის მქონე პროირანული ჰუთების ჯგუფი "ანსარ ალლაც" აცხადებს, რომ ისრაელზე დარტყმებს განახორციელებს.

შაბათს განგაში გამოცხადდა ბაჰრეინშიც - სადაც მდებარეობს აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც, როგორც წერდნენ, ბაჰრეინშია გადაღებული და ასახავს შავი კვამლის სვეტს, საუბარია ირანის მხრიდან დარტყმის შესაძლო შედეგებზე. მოგვიანებით ბაჰრეინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები, რომელთა სამიზნე იყო აშშ-ის მეხუთე ფლოტის მომსახურების ცენტრი. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დარტყმების საფრთხის შესახებ ასევე განაცხადეს კატარის, ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებებმა. კატარის მთავრობამ შემდეგ თქვა, რომ ჩამოგდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გაშვებული რაკეტები. ამ ქვეყანაში განთავსებულია რეგიონში უმსხვილესი ამერიკული ბაზა "ელ-უდეიდი".

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო სააგენტომ დაადასტურა დარტყმა ქვეყნის ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა გადატაცებულია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.

არის ცნობები, რომ ირანმა დარტყმები განახორციელა აშშ-ის სამხედრო ობიექყებზე საუდის არაბეთსა და ქუვეითშიც.

ირანის მხრიდან დარტყმების სამიზნე ყველა სახელმწიფომ თეირანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას საპასუხო ზომების განხორციელებაზე.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მისი რაკეტები და დრონები მოხვდა აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინას ნაჰრეინში, ამერიკის ბაზებს კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებს.

ავიაკომპანიები ცვლიან მარშრუტებს, რათა თავი აარიდონ ირანის, ასევე ერაყის და რეგიონის სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცეებს, ან რეისებს საერთოდ აუქმებენ. არაბთა გართიანებული საამიროები აცხადებს, რომ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დახურა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მისი მიზანია "ამერიკელი ხალხის დაცვა, ირანის რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხეების აღმოფხვრის გზით".

"ამ განცხადებას მარტივად არ ვაკეთებ. ირანის რეჟიმს ხოცვა სურს" - ამბობს ტრამპი.

"შესაძლოა დავკარგოთ გაბედული ამერიკელი გმირების სიცოცხლე, შესაძლოა გვქონდეს მსხვერპლი, რაც ხშირია ომის დროს - მაგრამ ჩვენ ამას აწმყოსთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ მომავლისთვის, და ეს ღირსეული მისიაა" - დასძენს ტრამპი.

ირანის მედია იუწყება აფეთქებებზე რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თეირანში, თავრიზში, ისპაანში, ყუმში, ლურესტანში. ვრცელდება ვიდეოჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც აჩვენებს კვამლის სულ მცირე ერთ დიდ სვეტს დედაქალაქის თავზე.

ტრამპი თეირანს ადანაშაულებს ბირთვული პროგრამის აღდგენის მცდელობაში, მას მერე, რაც აშშ-მა დაბომბა მნიშვნელოვანი ობიექტები ირანსა და ისრაელს შორის ივნისში გამართული, 12-დღიანი ომის დროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG