აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების სრულად მოშორება სურთ.
ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ სურთ ირანში „ყველაფერი გაწმინდონ“ და ამ ქვეყნის „კარგი ლიდერობის“ რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ.
ტრამპმა კონკრეტული კანდიდატები არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ მიმართვენ ზომებს, რათა ეს ხალხი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გადაურჩეს.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველ დღეს ლიკვიდირებული იყო ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
- ირანს დროებით მართავს საბჭო, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ერთად არიან სასამართლო ხელისუფლების მეთაური და „კონსტიტუციის გუშაგთა“ საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
- ირანული და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ, იქნება ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც აშშ-ს და ისრაელს მორიგ აგრესიასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ კვლავაც მზად არის აგრესიის მოსაგერიებლად.
ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 5 მარტს NBC-ს განუცხადა, რომ მზად არიან აშშ-ისა და ისრაელის ჯარების სახმელეთო შეჭრისთვისაც.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანახმად, ამჟამად სახმელეთო ოპერაციის საჭიროება არ არის და ეს დროის ფუჭად დაკარვა იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა NBC-ს განუცხადა, რომ ირანმა უკვე დაკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლო, მათ შორის ფლოტი. ტრამპის თქმით, ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების ინტენსივობა შენარჩუნდება.
- შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
ფორუმი