Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ირანში ოპერაციის ახალ ფაზაზე იუწყება, აშშ - ირანული რაკეტებით და დრონებით შეტევების შემცირებაზე

თეირანზე ისრაელის მორიგი დარტყმით გამოწვეული კვამლი. 2026 წლის 5 მარტი
თეირანზე ისრაელის მორიგი დარტყმით გამოწვეული კვამლი. 2026 წლის 5 მარტი

ისრაელის არმიის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ახალ ფაზაზე გადადის.

გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ზამირს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ახალი ფაზა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მოულოდნელი დარტყმების ეტაპის შედეგად საჰაერო სივრცეში სრული უპირატესობის მოპოვებისა და ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის განადგურების შემდეგ იწყება მომდევნო ფაზა რეჟიმის და მისი სამხედრო ძალების გასანადგურებლად.

გენერალური შტაბის უფროსის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, 6 მარტს დილით ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ „ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა დაიწყო ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე თეირანში“.

თეირანში აფეთქებების შესახებ იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურის, ადმირალ ბრედ კუპერის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ირანული ბალისტიკური რაკეტებით შეტევები 90%-ით შემცირდა, ხოლო დრონებით - 83%-ით. კუპერმა 5 მარტს პრესკონფერენცია გამართა პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან ერთად.

ადმირალ კუპერის თანახმად, ბოლო 72 საათში შეერთებულმა შტატებმა ირანის სიღრმეში დაარტყა 200-მდე სამიზნეს. CENTCOM-ის მეთაურის ცნობითვე, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ირანს გაუნადგურეს 30 გემი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა(ომის მინისტრი) ჰეგსეთმა განაცხადა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა ახლა დაიწყო, შეერთებულ შტატებს საკმარისი საბრძოლო საშუალებები აქვს, ირანზე დარტყმა გაძლიერდება და სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

ირანი რაკეტებით და დრონებით შეტევა განაგრძობს ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

6 მარტს დილით კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოგერიებულია დრონებით შეტევა ალ-უდეიდის სამხედრო ბაზაზე. ეს ბაზა რეგიონში აშშ-ის უმსხვილესი საავიაციო ბაზაა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს სულთანის სამხედრო ბაზასთან.

ბაჰრეინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 5 მარტს ირანული რაკეტით დარტყმა იყო სახელმწიფო კომპანიის Bapco Energies ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ბაჰრეინის მთავრობის თანახმად, დაშავებულები არ არიან და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ქარხანამ მუშაობა გააგრძელა.

  • შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG