კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები რეგულარულად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის საცავებს და პორტების ტერმინალებს.
12 მარტს, დაახლოებით დილის რვა საათისთვის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძარი გაჩნდა ტიხორეცკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე, არავინ დაშავებულა და ცეცხლს 83 მეხანძრე აქრობს 26 ერთეული ტექნიკით.
- რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA წერს, რომ ნავთობის ბაზა, რომელზეც დრონებით შეტევა იყო, ტიხორეცკის კვანძის ნაწილია. თავად ეს კვანძი რუსეთის სამხრეთში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასატვირთავი პუნქტია და მას სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალი კომპანია „ტიხორეცკ-ნაფტა“ მართავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 12 მარტს, დილით გავრცელებული ზოგადი ინფორმაციით, რომლის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 80 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 30 - კრასნოდარის მხარეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
უკრაინას რუსეთის კრასნოდარის მხარეზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი