ვლადიმერ ხუჭუამ სადავოდ გახადა 16 თებერვალს "იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მის შესახებ მომზადებული სიუჟეტი, თუმცა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ მომზადებულ სიუჟეტებს კამპანიური ხასიათი აქვს.
რას ამბობდნენ ჟურნალისტები მოსამართლეზე?
სიუჟეტის („მოსამართლის პოლიტიკური სარჩელი“) წარდგენის დროს საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მოსამართლის საკონსტიტუციო წარდგინებას „პოლიტიკური ნიშნით გაჯერებული სარჩელი“ უწოდეს, თავად მას კი „მოსამართლე, რომელიც მოსამართლის ჩარჩოებიდან გასულია“.
„მოსამართლის მოტივაცია ოპოზიციის პროტესტის ავანგარდია. მმართველ გუნდში აბსურდული საკონსტიტუციო სარჩელის უკან პოლიტიკური მოტივები გაშიფრეს... მოსამართლის მანტიის მქონე ხუჭუა NGO სექტორისა და ოპოზიციის კამპანიას შეუერთდა ე.წ. გაჟონილ ბიულეტენებზე და მსაჯულის ჩაქუჩიც დაურტყა“, - თქვა სიუჟეტის ავტორმა მარიამ ქართველიშვილმა.
რატომ აკრიტიკებენ მას?
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვლადიმერ ხუჭუა იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც დაადგინა ხმის მიცემის დროს ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა, რაც გამოიხატა ბიულეტენზე მონიშნული პარტიის მეორე მხრიდან „გამოჟონვაში“.
- მოსამართლე კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ემსჯელა, რამდენად კონსტიტუციურია გზის გადაკეტვისთვის პირველივე სასჯელად პატიმრობის დაკისრება. სასამართლომ მოსამართლის დაყენებული საკითხი არ განიხილა, რადგან მიიჩნია, რომ „არასწორად აღიქვა თავისი როლი“.
„ორგანიზებული კამპანია“ - რას ამბობს მოსამართლე ხუჭუა?
თეთრიწყაროს მოსამართლე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს და ამაში ჩართულია ტელეკომპანია, რომლის წინააღმდეგაც ქარტიას მიმართა.
„ბოლო არ უჩანს ამას. ჩემ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე გორდება მსგავსი კამპანია... წელიწადზე მეტია ჩემ მიმართ მიმდინარეობს შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, გარკვეულ დანაშაულში დადანაშაულებაც კი. ამაში მონაწილეობას იღებს მედიასაშუალება და პოლიტიკოსები. ვფიქრობდი, რომ შემეკავებინა თავი, რომ არ მისცემოდა გარკვეული შეფერილობა, მაგრამ იმგვარი სახე მიიღო, რომ ახლა თავშეკავება შესაძლოა საზოგადოებაში აღქმულიყო გულგრილობად ჩემი ღირსებისა და სამართლის უზენაესობის მიმართ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
იმ შემთხვევაში კი, თუკი ქარტია მოსამართლის განცხადებას დააკმაყოფილებს, „იმედი“ ვალდებული არ იქნება მასალაში შესწორება შეიტანოს:
„სასამართლოს კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მიმაჩნია უდიდეს სიკეთედ... მე გავაკეთე ყველაფერი ის, რაც შეეძლო მოსამართლეს გაეკეთებინა. მე უსამართლობაზე არ დავდუმდები... მე არ მაქვს არც ინსტიტუციური დაცვა... მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახო, რომ ჩემ მიმართ მიმდინარეობს კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის გავრცელება...“
ამ საკითხზე „იმედში“ კომენტარი არ გააკეთეს.
მოსამართლის გეგმები
ხუჭუა ამბობს, რომ მის მიმართ დეზინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, არ აპირებს შეწყვიტოს სამოსამართლეო საქმიანობა: „გამორიცხულია, ჩემს საქმიანობაზე და საქმეზე უარს არ ვიტყვი“.
ფორუმი