ისრაელი და აშშ განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. 13 მარტს ისრაელმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა ირანზე. ირანმა ისევ შეუტია ისრაელს და სპარსეთის ყურეში ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 13 მარტს დაწერა, რომ „ირანის ტერორისტულ რეჟიმს სრულად ანადგურებენ“.
რა არის ცნობილი 13 მარტის დღის პირველი ნახევრისთვის
აფეთქებები იყო თეირანსა და ირანის სხვა რაიონებში. ირანული სააგენტო Tasnim-ის თანახმად, აფეთქება მოხდა თეირანის ცენტრში, „ალ-ყუდსის დღის“ გამო მიმდინარე მიტინგის ადგილის მახლობლად. „ალ-ყუდსის დღე“ პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად დააწესა აიათოლა ხომეინიმ, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას 1979-1989 წლებში მართავდა.
რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა ირანის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი გაფრთხილება, რომ თეირანის კონკრეტული რაიონები უნდა დაეტოვებინათ და ამ რაიონების რუკა.
ირანში ინტერნეტის პრობლემებია.
ისრაელის არმიის მიერ 13 მარტს, დღის პირველ ნახევარში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სამხრეთში, შირაზის რაიონში დაარტყეს ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტს და მათ საცავს, თეირანში - საჰაერო თავდაცვის ცენტრალურ ბაზას და იარაღის რამდენიმე საწარმოს, ხოლო ირანის დასავლეთში, ჰავაზის რაიონში - სამეთაურო ცენტრებს.
დილით ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოუგერიებელი რაკეტა ჩამოვარდა ისრაელის ჩრდილოეთში, ქალაქ ნაზარეთის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ ზარზირში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 60-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობამ რაკეტების ნამსხვრევებით მსუბუქი ჭრილობები მიიღო. ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ირანული რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებს.
ორი ადამიანი, უცხო ქვეყნების მოქალაქეები დაიღუპნენ დრონის ჩამოვარდნის შედეგად ომანის ქალაქ სოჰარის სამრეწველო ზონაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. კიდევ ერთი დრონი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქ ელ-რიადში მოიგერია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ე.წ. დიპლომატიური კვარტლისკენ მიემართებოდა
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტეც.
ფორუმი