საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ერაყის ქალაქ ერბილის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად.
- ერაყის ქურთისტანის ავტონომიის დედაქალაქ ერბილში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროები ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით იმყოფებიან. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 28 თებერვლიდან ერაყის ამ რეგიონზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. მაკრონის განცხადებით, მიუღებელია თავდასხმა ძალებზე, რომლებიც 2015 წლიდან მონაწილეობენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და ირანში ომი მსგავს თავდასხმებს ვერ გაამართლებს.
საფრანგეთის არმიის ინფორმაციით, 12 მარტს დრონით შეტევის შედეგად დაჭრილია ექვსი ფრანგი სამხედრო, რომლებიც კონტრტერორისტულ მომზადებას ატარებდნენ.
რამდენიმე საათით ადრე ერბილის რაიონში სარაკეტო შეტევა იყო იტალიელი სამხედროების ბაზაზე. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. წინა დღეებში ერბილის რაიონში დრონებით შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტებზეც.
ერაყის ქურთისტანში ირანული დრონებით დარტყმა იყო ნავთობის საბადოზეც, რომელსაც ამერიკული კომპანია HKN Energy მართავს.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტეც.
ფორუმი