ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართვის საპასუხოდ, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს, პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კოდექსში გაწერილი ნორმა „გამონაკლისს არ ცნობს“, შესაბამისად, მისი ეს თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.
19 მარტს, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. ის, როგორც პატრიარქის მეგობარი და მესამე პრეზიდენტი, ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს.
პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა უკვე მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.
პენიტენციური კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა საპატიმროს 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა პატიმრის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.
პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის სახელით მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩალაძემ მიმართა.
ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პატრიარქის მეგობარია, ილია მეორე ასევე არის სააკაშვილის შვილის ნათლია, რაც მათ შორის, ახლო ნათესაურ კავშირს გულისხმობს და შესაბამისად, ეს მოთხოვნა, მისი თქმით, შეესაბამება კოდექსში გაწერილ ნორმას.
თუმცა, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურიდან პასუხს არ ელის:
„ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილის მისაღებია. აქ ჩვენ „ლეგალისტიკაზე“ არ ვსაუბრობთ. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა მას რესურსი, დაუშვას პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს პატრიარქის გასვენებაში. კითხვა ისმის, არის თუ არა ივანიშვილი თავის თავში დაჯერებული იმდენად, რომ მისცეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ქვეყნის პატრიარქის გასვენებაში მისვლა. ჩვენ არ ვსაუბრობთ, თუნდაც დღის საათებზე, ან რაიმე პირობაზე. ჩვენ არანაირ პირობას არ ვაყენებთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას“, - ეუბნება გიორგი ჩალაძე რადიო თავისუფლებას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პირადად ის მხარს არ დაუჭერდა პატრიარქის დაკრძალვაზე სააკაშვილის დასწრებას:
„უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს. მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 19 მარტს.
კათოლიკოს-პატრიარქი, 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ოთხ საქმეზე აქვს მისჯილი:
მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს 1 ოქტომბერს დააკავა. სააკაშვილმა იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.
ჯანმრთელობის დამძიმების გამო 2021 წლის 20 ნოემბერს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 40 დღეში კი უკან, რუსთავის ციხეში დააბრუნეს. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო, სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რასაც ხელისუფლება არ დათანხმდა.
ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში
1/30ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად აღსაყდრებამდე.
2/30არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
3/30ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
10/30სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
13/30ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
15/30ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
16/30ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.
18/30ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
19/30ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში, პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
20/30ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
21/30ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
22/30ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი,რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
24/30ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
27/30ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნისცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
ფორუმი