Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა“ - უნგრეთში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები

დავით მათიკაშვილი (მარცხნივ) და ლევან მახაშვილი.
დავით მათიკაშვილი (მარცხნივ) და ლევან მახაშვილი.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

„არჩევნებმა საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე“, - თქვა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მისი კოლეგა დავით მათიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა „არ იმოქმედებს იმ გამორჩეულად კარგ ურთიერთობაზე, რომელიც უნგრელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს“:

„მთავარია, უნგრელმა ხალხმა თავისი არჩევანი გამოხატა და ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა“.

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები აკვირდებოდნენ. მათ შორის, ლევან მახაშვილისა და დავით მათიკაშვილის გარდა, იყვნენ: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი და გიორგი ჭყონია.

მილოცვები საქართველოდან

პეტერ მადიარს, ამჟამად უნგრეთის ხელისუფლებაში მყოფი ვიქტორ ორბანის კონკურენტს, გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ:

„მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოპოზიციურმა პარტიამ „ფედერალისტები“ და „ლელო“.

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები

  • ხმების დათვლის წინასწარი შედეგების თანახმად, უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს;
  • კენჭისყრაში აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ეს აქტივობა რეკორდულია, სულ მცირე, ბოლო 20 წლის განმავლობაში;
  • 12 აპრილს, ღამით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ქვეყნისთვის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. უნგრელები გვიან ღამემდე ზეიმობდნენ მადიარის და „ტისას“ გამარჯვებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG