ორგანიზაციამ მსგავსი აქტივობა შენიშნა პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-ის" ფეისბუკში 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებში.
ტროლები აქტიურობდნენ ორი მიმართულებით:
- სამეცნიერო კვლევაზე (ვირთაგვაზე შექმნილი მოდელი და ექსპერიმენტული მედიკამენტის ტესტირება);
- „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე, რომლითაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა.
MDF-მა 75 ყალბი ანგარიში რამდენიმე ნიშნით დააჯგუფა:
- „75 ყალბი ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ იდენტურ ფოტოს მცირედი მოდიფიცირებით იყენებს, 28 ანგარიში კი სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს“;
- „ამ 28 ანგარიშიდან 17 „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში გამოვლენილ დისკრედიტაციის კამპანიებშიც იყო ჩართული“;
- „75 ანგარიშიდან 47-ს პროფილის ფოტო 2026 წლის აპრილში აქვს ატვირთული, 26-ს კი 2025 წელს, რაც ანგარიშის შექმნის თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული“;
- „75 ანგარიშიდან 70-ს სამუშაო ადგილად საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია აქვს მითითებული“.
„პოსტებზე ხელოვნურად შექმნილი ჩართულობა აჩენს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან, რომლის ძირითადი მიზანი ონლაინ აქტივობის ხელოვნურად გაზრდაა. იმ ანგარიშების პროფილების ფოტოები, რომლებიც ამ პოსტებს „იწონებენ“, არა რეალური ადამიანები, არამედ, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროფილებია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სურათები რეალისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათში შეინიშნება განმეორებადი ვიზუალური ნიშნები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
პროტესტი მედიკამენტის მოთხოვნით
10 დღეა (20 აპრილიდან), რაც დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას მართავენ. მათ პოლიცია არ აძლევს ღამის გასათევად საჭირო ნივთების, მათ შორის „პუფების“ შეტანის უფლებას.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს არაერთხელ უთქვამთ, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომ იციან, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების განკურნების პრეპარატი, თუმცა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ თანამედროვე მედიკამენტების მიღება, რომლებიც მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას გადაავადებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები და პროსახელისუფლებო მედია ძირითად აქცენტს მოთხოვნილი მედიკამენტების გვერდით ეფექტებზე აკეთებენ.
გუშინ, 29 აპრილს, ამ საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მან გააკრიტიკა ოპოზიცია და საკითხით დაინტერესებული პირები, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ, დისკუსია აწარმოონ „მანკიერი ფორმით“ და მათ „ართქმული დააბრალონ“, შემდეგ კი თქვა, რომ უნდოდა საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა, „მიუხედავად იმისა, ეს სიმართლე მწარეა თუ როგორია“.
ფორუმი