„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 მაისს განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავების ფაქტი უნდა იყოს “მაგალითი ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა ქვეყნის სასარგებლოდ“ და ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფო „ყველას მიმართ იქნება პრინციპული“.
9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების დღეს, კიკვიძის პარკში მისულმა ირაკლი კობახიძემ, ამ საკითხზე საუბრისას, მედიასთან არ დაასახელა ის ქვეყანა, ვის სასარგებლოდაც, მისი თქმით, თანამშრომლობდა დაკავებული გიორგი უძილაური, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, წარსულში ჟურნალისტი და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსი.
„იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ჩვენ არ დავასახელებთ შესაბამის სახელმწიფოს. მაგრამ მკაფიო გაფრთხილება ყველას - მნიშვნელობა არ აქვს, ვისი აგენტი ხარ. აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შესაბამისად აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება სახელმწიფო", - განაცხადა კობახიძემ.
უძილაურის საქმე
გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.
8 მაისს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა 1-წუთიანი ვიდეო, რომელიც უწყების თანახმად, ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის "კონსპირაციულ შეხვედრას" ასახავს.
უწყებამ ვიდეო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიმართვის შემდეგ გაასაჯაროვა.
სუსმა გამოქვეყნებულ ვიდეოს ასეთი ტექსტი დაურთო: „ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი".
რა ჩანს და ისმის ვიდეოში
გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მას ერთვის ქართულენოვანი ტიტრები.
მოქმედება ბინაში ხდება. კადრში, ფონზე ჩანს სამზარეულოს კარადები და ასევე სავარაუდოდ, მისაღების ოთახის, კედელზე დაკიდებული ტელევიზორი.
უძილაური და მისი თანამოსაუბრე, რომელიც კადრში დაფარულია პროგრამულად, მაგიდასთან (ან ე.წ. ბართან) ერთმანეთის პირისპირ სხედან, უძილაურის თანამოსაუბრის ხმა შეცვლილია. მათ მაგიდაზე დევს გახსნილი ლეპტოპი.
კადრს და სავარაუდოდ, საუბრის შინაარსსაც ეტყობა დამონტაჟების კვალი რამდენიმე ადგილას ჭრის ეფექტით.
გიორგი უძილაური: "შენ შეამოწმე მესიჯი, რომელიც მე გამოგიგზავნე? (წერია ქართულად ნათარგმნ ტიტრში - რედ.) ინგლისურად უძილაურის მიერ ნათქვამი წინადადება ასე ისმის - "შენ შეამოწმე მესიჯი, რომელიც გაჩვენე? რას ნიშნავს".
თანამოსაუბრე: რომელი?.. არა ბოლო მესიჯი ვერ გავხსენი.
გიორგი უძილაური: პირველ რიგში შენ უნდა წაიკითხო, რაც მე მოგწერე იმიტომ რომ, ეს მნიშვნელოვანია.
თანამოსაუბრე: როცა მე შენ გიგზავნი რაღაცას, მე გამოვიყენებ ფაილს პაროლით ესა და ეს და როცა შენ გინდა მე მომწერო, იმის ნაცვლად, რომ ვორდის ფაილს დაადო პაროლი, იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს ერთნაირი ვერსია პაროლს დაადებ არქივს და გამომიგზავნე, ამის შემდეგ შენ წაშლი".
გამოქვეყნებულ ერთწუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ წერს უძილაური ფურცელზე პასტით, შემდეგ კადრში ჩანს უკვე ფეხზე მდგომი ქურთუკის შიდა ჯიბეში იდებს თეთრ ფურცელს, შესაძლოა კონვერტს.
უძილაურის ადვოკარის, ბექა გულედანის განცხადებით, "რა ვიდეოც უნდა იყოს, საქმის მასალებით არ დასტურდება, გიორგი უძილაურის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების საზიანო მოქმედება".
საქმეს გრიფი “სრულიად საიდუმლო” ადევს, რაც ადვოკატის სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სხდომებიც დახურული იქნება და ადვოკატსაც გაუთქმელობის ვალდებულება აქვს.
გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ფორუმი