Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოში განმარტეს პატრიარქის არჩევის პროცედურები: 11 მაისს ცნობილი გახდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ვინაობა

ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 11 მაისს სამების ტაძარში დაგეგმილ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 250-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი.

ჯაღმაიძის ინფორმაციით, კრებაზე დაგეგმილია პატრიარქობის კანდიდატთა და ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატების სიტყვით გამოსვლები. 11 მაისსვე გახდება ცნობილი, ვინ იქნება პატრიარქი და მას გამოაცხადებს მეუფე ანანია, რომელიც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა.

„კანდიდატის სახელი იქნება დაბეჭდილი ბიულეტენზე და ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი ჩაიდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული. 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი გამოცხადდება ხვალვე. მას გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს საპატრიარქოს მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50 პროცენტს პლუს ერთი ანუ 20 ხმა.

„თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა. ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომლის თქმითაც, სამების საკათედრო ტაძარში შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან:

“12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება კენჭისყრისთვის მზადება. მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქდება ეს ღონისძიება ტელევიზიით, „პირველი არხის“ საშუალებით. ამ სხდომის ნაწილი უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს დასრულების შემდეგ თუ ჩავთვლით საჭიროდ და ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ. ამ კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში. შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა და საბოლოოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. მანქანებით მისვლა იზღუდება და ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, ასევე მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მიდის. ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ფორუმი

XS
SM
MD
LG