სწორედ ეს პარტია - „ძლიერი სომხეთი“ - განიხილება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ძირითად კონკურენტად საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მკვეთრი პოლარიზაციის პირობებში იმართება.
გადაწყვეტილების საფუძვლად ცესკომ დაასახელა, რომ
- პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება ცესკოს აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც იკვეთება, რომ პარტიის დოკუმენტაცია არის „გაყალბებული“, - რისი დადგენა არც ყოფილა მოთხოვნილი და ეს გარემოება არ იკვეთება;
- პარტიის საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმება მაშინ, როდესაც იკვეთება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის საარჩევნო კამპანიასთან ან კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით - მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, - განმარტავს გამოცემა civilnet-ი სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, თუკი იკვეთება, რომ დარღვევა „სერიოზულია“ - ანუ თუკი დარღვევა „სისტემატურია, მისი შედეგები გამოუსწორებელია, და შესაძლოა ჰქონდეს ხელშესახები ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე“.
„რესპუბლიკელების“ საჩივარი
პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით ცესკოს 5 ივნისსავე მიმართა ერთ-ერთმა პროევროპულმა პარტიამ, „რესპუბლიკურმა პარტიამ“. საჩივრის ავტორი მისი თავმჯდომარე არამ სარქისიანია.
ცესკომ გვიან ღამით, 22:00 საათზე დაიწყო საკითხის განხილვა. პარალელურად საარჩევნო ადმინისტრაციასთან კარაპეტიანის პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
ცესკოს თავმჯდომარემ არამ სარქისიანის საჩივარი გააცნო კომისიის წევრებს:
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ძლიერმა სომხეთმა“ და მასთან აფილირებულმა პირებმა ... სავარაუდოდ, ჩაიდინეს მრავალი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას“.
ცესკოს დღევანდელი უარის გასაჩივრება „რესპუბლიკურ პარტიას“ ხვალ შეუძლია და სასამართლოს ხვალ შუაღამემდე აქვს ვადა, ამ საკითხზე იმსჯელოს.
„ძლიერი სომხეთის“ პოზიცია
პარტია „ძლიერი სომხეთი“ მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ქრთამის დაპირებას და გაცემას და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდა.
„ძლიერი სომხეთის“ საპასუხო განცხადება საღამოს 10 საათზე განხილვის დაწყების შესახებ ასეთი იყო:
„წარმავალი ფაშინიანი ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს, ამიტომ გადავიდა თავისი სატელიტური ძალების მიერ ორგანიზებულ შოუებზე“, - რითაც პარტიამ მიანიშნა „რესპუბლიკურ პარტიაზე“.
„რაც უფრო ძლიერები ვხდებით, მით უფრო მძაფრდება მცირე ჯგუფის შიში. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ეს ყველაფერი ორ დღეში დასრულდება. ფაშინიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტელევიზიაში დებატებში დამარცხდა, მალე არჩევნებშიც დამარცხდება“, - განაცხადა „ძლიერმა სომხეთმა“.
საარჩევნო კამპანია დასრულდა
5 ივნისს ოფიციალურად დასრულდა საარჩევნო კამპანიაც.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ ბოლო შეხვედრა ჩაატარა ამომრჩეველთან.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა მაღალი რანგის თანაგუნდელებთან ერთად შემოიარა მთელი სომხეთი:
- ჩაატარა „კარდაკარი“ „ნამდვილი სომხეთის“ კონცეფციის წასახალისებლად;
- გამართა მასშტაბური დემონსტრაციები და აქციები;
- ამ დროის განმავლობაში მოუწია დაპირისპირება არაერთ მოქალაქესთან, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება ჰქონდათ.
5 ივნისს ერევნის უდიდეს, რესპუბლიკის მოედანზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მის მხარდასაჭერად.
საბოლოო შეხვედრა 4 ივნისს გამართა „ძლიერმა სომხეთმა“ - ამავე ადგილას.
- ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
- ევროკავშირი ოფიციალურ ერევანს ეხმარება „უცხოური ჩარევის“ წინააღმდეგ ბრძოლაში - მეტწილად რუსეთის წინააღმდეგ.
ფორუმი