Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაპეტიანის ძმისშვილი, რომელსაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე მისვლა სურდა, სომხეთიდან არ გაუშვეს

ნარეკ კარაპეტიანი გაგიკ წარუკიანის შემდეგ მეორე პოლიტიკური ლიდერია, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან არ გაუშვეს
ნარეკ კარაპეტიანი გაგიკ წარუკიანის შემდეგ მეორე პოლიტიკური ლიდერია, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან არ გაუშვეს

სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნარეკ კარაპეტიანი სომხეთიდან არ გაუშვეს.

ცნობა, რომ მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, პოლიტიკოსმა თვითონ გაავრცელა 12 ივნისს, როდესაც სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

მისი თქმით, მას საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაყოვნებული სომხური სატვირთო ავტომობილების ნახვის მიზნით ლარსში გამგზავრება სურდა, თუმცა სომეხმა მესაზღვრეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც არ გაუშვეს.

„მოქალაქეობის დამალვის“ საქმე?

კარაპეტიანის თქმით, იგი Armat Media-სთან ერთად აპირებდა მოგზაურობას, - რათა გადაეღოთ სომეხი მოქალაქეების მდგომარეობა რუსეთის დაწესებული შეზღუდვების გამო - რაზეც პასუხისმგებლობასაც კარაპეტიანი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას აკისრებს.

ჯერჯერობით ერევანს არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება პოლიტიკოსისთვის სავარაუდოდ მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ.

თუმცა ცნობილია, რომ 2026 წლის მაისში - არჩევნების წინ - მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - სომხეთის ხელისუფლება მას „უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამალვას“ ედავება.

20 მაისს სომხეთის „საგამოძიებო კომიტეტმა“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, ნარეკ კარაპეტიანმა, - რომელიც პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია, - „მიზანმიმართულად დამალა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ“.

საუბარია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე. კარაპეტიანი ამას აბსურდულ ბრალდებას უწოდებს და დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს ხელისუფლებას.

აკრძალვა კიდევ ერთ პოლიტიკოსს

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში, ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და მილიონერ ბიზნესმენს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი.

სომხეთის მთავრობის ახალი ამბების სააგენტო „არმენპრესი“ წერს, რომ გაგიკ წარუკიანს 9 ივნისს ბრალი წაუყენეს მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.

კერძოდ, მას ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება, - წერს „არმენპრესი“ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს თანახმად, გაგიკ წარუკიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო მედიაში ფოტოსა და ცნობის გავრცელება, რომ 8 ივნისს გაგიკ წარუკიანმა სომხეთის დატოვება სცადა, თუმცა იგი მესაზღვრეებმა ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან არ გაუშვეს.

ამასთან, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფაშინიანმა გაიმეორა, რომ წარუკიანი, - ასევე ოპოზიციონერები, რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი, - პასუხისგებაში უნდა მისცენ.

არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ასე უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG