ამჟამად ირანის საელჩო აცხადებს, რომ საელჩოს წარმომადგენლებმა „ავღანეთის სავაჭრო ქსელის წევრებთან და პარტნიორებთან“ ერთად განიხილეს ავღანეთის საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ირანის გავლით საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობები.
საელჩოს ცნობით, გამოიკვეთა ავღანეთის ბაზრის „ძირითადი საჭიროებები“ და მომზადდა ანგარიში. ეს დოკუმენტი, საელჩოს განცხადებით, „ქართულ კომპანიებს დაეხმარება ავღანეთის ბაზრის მოთხოვნების უკეთ შესწავლასა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში“.
- ირანის მკვლევრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ომისა და ჰორმუზის სრუტის კრიზისის გამო, ირანი „მარშრუტების დივერსიფიკაციაზე“ ბევრს საუბრობს;
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში საქართველოდან ავღანეთში ექსპორტი საკმაოდ მწირია – ავღანეთი საქართველოს საექსპორტო პარტნიორების სიაში 57-ე ადგილზეა.
„ხელსაყრელი შესაძლებლობა“ – რა წერია საელჩოს ანგარიშში
ფეისბუკზე 2026 წლის 26 ოქტომბერს საელჩოს გამოქვეყნებულ ვრცელ ტექსტში წერია, რომ ავღანეთი „იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ბაზარია“ და ქვეყანა მნიშვნელოვნად „იმპორტის გზით მარაგდება“.
„რეგიონალური და საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიებისთვის … არსებობს ხელსაყრელი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ამ ბაზრის ათვისებაში“, - წერია ტექსტში.
გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულებები და დაკონკრეტებულია, – ანგარიშის ავტორთა თანახმად, – რა ჭირდება ავღანეთის ბაზარს.
Toyta და Lexus-ის მარკის ავტომობილები
ამ მიმართულებებს შორისაა: სურსათი, ტრანსპორტი, სათადარიგო ნაწილები, სამრეწველო მანქანა-დანადგარები, ელექტრო და მზის ენერგიის აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და აგროტექნიკა.
სატრანსპორტო საშუალებებში დაზუსტებულია Toyota-სა და Lexus-ის პროდუქცია და წერია, რომ „სასურველი მოდელები, ძირითადად 2012–2025 წლების გამოშვების“ შემდეგი ავტომობილებია:
Toyota Corolla, Camry, Land Cruiser, Prado, Hilux, RAV4, Fortuner, ასევე Lexus LX, GX, RX და „სხვა მსუბუქი სამგზავრო, SUV და მსუბუქი კომერციული ავტომობილები“.
ირანის საელჩოს 5 პრიორიტი
საელჩო ამ ანგარიშში მიუთითებს, რომ „საექსპორტო პროგრამის დასაწყებად რეკომენდებულია, პირველ ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს იმ საქონელზე, რომელსაც აქვს მუდმივი მოხმარება და ფართო ბაზარი“. ამ საქონელში ჩამოთვლის:
- „I პრიორიტეტი — სურსათი: ფქვილი, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, ბრინჯი, შაქარი და პარკოსნები;
- II პრიორიტეტი — სატრანსპორტო საშუალებები: Toyota-სა და Lexus-ის სხვადასხვა მოდელები, განსაკუთრებით Corolla, Camry, Land Cruiser, Prado და Hilux, 2012–2025 წლების გამოშვება;
- III პრიორიტეტი — ავტონაწილები: საბურავები, აკუმულატორები, ფარები, ბამპერები, ამორტიზატორები და ა.შ.;
- IV პრიორიტეტი — ენერგეტიკა: მზის პანელები, ბატარეები, ინვერტერები, გენერატორები და ელექტროაღჭურვილობა;
- V პრიორიტეტი — მშენებლობა და მრეწველობა: რკინა, ფოლადი, ცემენტი, მანქანა-დანადგარები, სამრეწველო აღჭურვილობა და საწარმოო ნედლეული“.
ელჩი ამ პერსპექტივაზე ზაფხულშიც წერდა
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთს შორის ვაჭრობის განვითარების სურვილს გამოხატავს.
13 აგვისტოს მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ესაუბრა „ავღანელ მეგობარსა და წარმატებულ ბიზნესმენს“ და ამაზე დაყრდნობით საქართველო-ავღანეთის „სავაჭრო მარშრუტის პოტენციალზე“ ვრცლად დაწერა.
„შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ამგვარად საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობები შეიძლება მომავალში ავღანეთის სავაჭრო ქსელის ნაწილი გახდეს შავი ზღვისა და მის მიმდებარე ბაზრებთან“, - აცხადებდა ელჩი ალი მოჯანი.
როგორც პირად გვერდზე აგვისტოში გამოქვეყნებული რუკიდან ჩანდა, ელჩს წარმოუდგენია, რომ ეს მარშრუტი გაივლის სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიას, საიდანაც დაუკავშირდება ირანს, ირანის გავლით კი - ავღანეთს.
რა სურს ირანს? – მკვლევრების მოსაზრებები
მკვლევრები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოში ირანის საელჩოს განცხადებები თეირანის ოფიციალურ პოლიტიკას ირეკლავს.
იორკთაუნის ინსტიტუტის „თურანის კვლევითი ცენტრის“ მკლევარი ბაკო ხელაძე ამბობს, რომ საელჩოს ეს განცხადება „ჯდება იმ ნარატივში, რასაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულად აწარმოებს ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი სანიკიძე გვეუბნება:
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და აშშ-ისრაელთან ირანის ომის ფონზე, ოფიციალური თეირანი ცდილობს, გახდეს შუალედური სატრანზიტო ხაზი“.
თუმცა იგი იქვე დასძენს, რომ ეს პერსპექტივა, „თავისთავად, დღევანდელ ვითარებაში, არასერიოზულია“.
ჩაკეტილი ჰორმუზი
ბაკო ხელაძის განმარტებით, ომის გამო ირანი სპარსეთის ყურეში ბლოკირებულია და ალტერნატიულ გზებს ეძებს, ხოლო ამ მარშრუტებში მოიაზრება:
- სომხეთის მიმართულება: ორი ირანული კონსორციუმი, დასავლური სანქციების მიუხედავად, სომხეთის სამხრეთში, ირანის საზღვრის მიმართულებით, საავტომობილო გვირაბს აშენებს და იგეგმება კავშირების გაღრმავება იგეგმება.
- აზერბაიჯანის მიმართულება: გააქტიურდა საუბრები რაშტ–ასტარის სარკინიგზო პროექტზე, რომლის დასრულებაც 15 წელია ვერ მოხერხდა. ეს სარკინიგზო პროექტია რუსეთსა და ირანს შორის აზერბაიჯანის გავლით.
რატომ ავღანეთი?
ბაკო ხელაძის განმარტებით, ირანის სურვილი, გაძლიერდეს რეგიონის ქვეყნების ვაჭრობა ავღანეთთან, – მისი გავლით, – გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება:
„რაც უნდა გასაკვირი იყოს, თუ, ტრადიციულად თალიბებს ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა პაკისტანელებთან, ხოლო ძალიან ცუდი ურთიერთობა ინდოეთთან და ირანთან, – ლამის რამდენჯერმე ომის ზღვარზე იყვნენ, – დღეს ეს სიტუაცია შეცვლილია“, - ამბობს ის.
მისი განმარტებითვე, ავღანეთის თალიბანის მთავრობასთან ორმხრივად მუშაობენ უზბეკეთი და ირანი:
- „ერთი მხრივ, მუშაობს უზბეკეთის მთავრობა და საუბარია გეგმებზე, „გახსნან“ ავღანეთის მიმართულება, რათა დაუკავშირდნენ ირანს; ვხედავთ საუბრებს ტრანს-ავღანურ რკინიგზასა და ტრანს-ავღანური დერეფნის განვითარებაზე;
- ამაში ჩართულები არიან ირანელებიც, რომლებიც საკმაოდ აქტიურ მოლაპარაკებებში არიან თალიბებთან.
- ამ მიმართულებით წარმატებები აქვთ; ტვირთბრუნვაც, რამდენაც ვიცი, მომატებულია ავღანეთის მიმართულებით“, - გვეუბნება ბაკო ხელაძე.
უფრო მარტივად:
როგორც მკვლევარი განმარტავს, ირანი ცდილობს:
- „როგორმე მოახერხოს თავისი ლოჯისტიკის დივერსიფიკაცია, – თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ეს მოახერხოს, რადგან აწ-უკვე ჩაკეტილი სპარსეთის ყურის მასშტაბები მაინც სხვა დონისაა, ალტერნატიული მიმართულებები კი მოითხოვს ბევრ ფულსა და ბევრ დროს, – თუმცა ომის პირობებში მაინც მუშაობენ ამაზე“;
- „თეირანი ასევე ცდილობს, საკითხი ასე წარმოაჩინოს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ კარგ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, მაინც ევრაზიის ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოვადგენთ და ჩვენ ვთავაზობთ რეგიონის ქვეყნებს – საქართველოს, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას, პაკისტანს, ავღანეთს, ჩინეთს, – ჩვენი სივრცე გამოიყენონო“.
ანალიტიკოსის თანახმად, გეოგრაფიულად ირანს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს, თუმცა „არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც ეხლა თვითონ არიან და იმ იზოლაციაში, რაშიც თავს თვითონ იყენებენ, უბრალოდ კარგავენ ამ შესაძლებლობებს“:
„ასე რომ, არანაირ მსხვილ ლოჯისტიკურ მიზნებზე ჯერჯერობით არ შეგვიძლია რეალურად ვილაპარაკოთ“, - დასძენს ის.
შესაძლო ფაქტორი: პერსონალური კავშირები?
ხელაძეც და სანიკიძეც არ გამორიცხავენ, აქ ელჩ სეიედ ალი მოჯანის პერსონალური ფაქტორიც იყოს გამოკვეთილი, თუმცა ამას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ:
„შეიძლება, აქ იყოს ელჩის ექსცენტრიულობის მომენტიც, – ის ადრე მუშაობდა ავღანეთში, საიდანაც გამოაძევეს“, – ამბობს გიორგი სანიკიძე.
„სავარაუდოდ, მას იქ თავისი კონტაქტები ექნება შემორჩენილი, და, ალბათ, ცდილობს, ეს კონტაქტებიც რაღაცნაირად გამოიყენოს“, – გვეუბნება ბაკო ხელაძეც.
- 2024 წელს, ავღანეთის თალიბანის მთავრობამ ელჩი მოჯანი ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა;
- საფუძვლად თალიბანმა დაასახელა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი ინციდენტი რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც, თალიბანის პოზიციით, სეიედ ალი მოჯანმა „საზღვრები გადალახა“.
რამდენად რეალისტურია ირანის რჩევები ქართულიბი ზნესისთვის?
„ვერანაირად“, – ამბობს ხელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში და იხსენებს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ერთ-ერთ ბოლო სასანქციო პაკეტს ირანისადმი, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.
„ამ სანქციებით, ფაქტობრივად, ბოლო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური ძაფები, რაც იყო საქართველოსა და ირანს შორის, მნიშვნელოვნად შემცირდა“, – ამბობს მკვლევარი.
- სექტემბერში, აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს.
- ბოლო რეისი თბილისისკენ 20 სექტემბერს შესრულდა.
- მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ირანის სხვა მეზობლებმაც: აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ერაყმა და ომანმა.
- მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აღესრულებინათ ამერიკული სანქციები, ოფიციალური თეირანი მწვავე კრიტიკით შეხვდა.
- „თუ შეერთებული შტატების გვერდით დადგებით, ჩვენ გულხელდაკრეფილნი არ ვიქნებით“ – განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ.
როგორია ავღანეთთან საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა?
საქართველოდან ავღანეთში ექსპორტის სტატისტიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში მზარდია ასეთია:
- 2024 წელს – 740 000 აშშ დოლარი
- 2025 წელს – 1 241 500 აშშ დოლარი
- 2026 წელს, პირველ 9 თვეში – 5 104 900 აშშ დოლარი;
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ავღანეთში გატანილი საქონლის უმსხვილესი სამეულში შედიოდა:
- შაქარი – 2,476 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 1,5 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 719 000 აშშ დოლარი.
ამ ცხრა თვეში საქართველოდან ავღანეთში ჯამში 75 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა.
დინამიკა მზარდია: 2023 წელს იქ მხოლოდ ერთი მანქანა გაიყიდა, 2024 წელს – 3 ერთეული, 2025 წელს კი – 20 ავტომობილი.
- საქსტატის მონაცემებითვე, 2026 წლის 9 თვეში, ამ მონაცემებით, ავღანეთი საქართველოს საექსპორტო პარტნიორების სიაში 57-ე ადგილზეა.
- სიაში მე-9 ადგილს იკავებს თავად ირანის ისლამური რესპუბლიკა, – რომელთანაც სექტემბრიდან ამერიკული სანქციების გამო ფრენები შეწყდა;
- ირანის საელჩომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ 30 სექტემბრიდან ქვეყანაში „ძვირადღირებული ავტომობილების“ იმპორტი იკრძალებოდა (თუმცა საქართველოდან ირანში გაყიდული თითო ავტომობილი, საშუალოდ, 7300 დოლარი ღირდა).
ფორუმი