Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ინტერესი ბრიუსელის კონფერენციაზე


შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდისა და მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში 25-27 მარტს მიმდინარეობდა, საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ნაწილობრივ დახურულ ფორმატში განიხილებოდა. კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი, ხოლო ოპოზიციის რიგებიდან ბრიუსელში შეხვედრებს მართავდა პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ბრიუსელის ყოველწლიური კონფერენცია წარმოადგენს მაღალი რანგის თავყრილობას, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი მწვავე ან გლობალური გამოწვევების განსახილველად ყოველწლიურად იკრიბებიან პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ბიზნესმენები თუ ჟურნალისტები შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. კონფერენციის მონაწილეთა შორის, ტრადიციულად, არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების ლიდერები და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის დისკუსიები და სესიები იმართება, მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური სამომავლო თანამშრომლობის კონტურების გამოკვეთას.

ძალიან ცუდი აღსაქმელია ის, თუ რამდენად ნაკლებ ყურადღებას ანიჭებს, ასე ვთქვათ, გაგულადებული რუსეთი საერთოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს თუ მოლოდინს და მოთხოვნებს ...
ბრიუსელის კონფერენციაზე წელს საქართველოს საკითხი, ისე როგორც ეს იყო აგვისტოს ომის შემდეგ, - მაგალითად, 2009 წელს, - დღის წესრიგის ცალკე გამოყოფილ, მთავარ საკითხს არ წარმოადგენდა. ფაქტია, რომ ევროპისა და შეერთებული შტატების ძირითადი ყურადღება მიპყრობილია ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მწვავე მოვლენებისკენ, თუმცა აშკარად საქართველოს ინტერესებთან იყო დაკავშირებული კონფერენციის ფარგლებში გამართული ორი საგანგებო სესია, რომლებიც კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის პრობლემატიკას მიეძღვნა.

კავკასიის საკითხებზე გამართულ სესიაზე ერთ-ერთი სპიკერი იყო ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი, თუმცა იმის გამო, რომ სესია დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ტყეშელაშვილი კომენტარებისგან თავს იკავებს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, ხსენებული სესიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა გამოკვეთილი აქცენტი დასვეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ასევე რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის აქცენტი გამოიკვეთა საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც 25 მარტს შავი ზღვის რეგიონის თემატიკასთან დაკავშირებით რუმინეთისა და მარშალის ფონდის ერთობლივი მოთხოვნის შედეგად გაიმართა. ეკა ტყეშელაშვილმა საკუთარი აზრი ამ ფორუმის ფარგლებშიც გამოთქვა და ჩვენთან საუბრის დროსაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გავლენის სფეროების შექმნის მცდელობა რეალურ პრობლემებს უქმნის შავი ზღვის რეგიონალური პროექტების წარმატებას. პარალელურად, კვლავაც თვალსაჩინოა იგნორირების პოლიტიკა:

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება, რომ ეს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შედეგით დასრულდება ...
”ძალიან ცუდი აღსაქმელია ის, თუ რამდენად ნაკლებ ყურადღებას ანიჭებს, ასე ვთქვათ, გაგულადებული რუსეთი საერთოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს თუ მოლოდინს და მოთხოვნებს. ყოველ შემთხვევაში, ის გარეგნულად არანაირად არ ავლენს, რომ ის რამენაირად წუხს. ასეთი პოზიცია არა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლების ქცევით გამოიხატება ამა თუ იმ კონფერენციაზე, მათ შორის - ბრიუსელის ფორუმზეც, არამედ ყველაზე მეტად გამოიხატება მისი უშუალო პოლიტიკური ქცევით, რაც ჩვენს ქვეყანაში გამოიხატება ოკუპაციის სახით.”

შავი ზღვის რეგიონის პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე სესიაში მონაწილეობას იღებდა ასევე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა მას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ყურადღებას ამახვილებს თავის შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან. ხაზი ესმება საარჩევნო კოდექსის დახვეწისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას:

“კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება, რომ ეს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შედეგით დასრულდება. და იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ იქნება პროცესი, რომელშიც ორივე მხარე შეთანხმდება, ბუნებრივია, არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად და არ ექნება ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.”

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი აზრი თავად ფილიპ გორდონმაც გამოთქვა. ცენტრალური არხების მიერ გავრცელებულ კომენტარში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ მომავალი არჩევნებისკენ დიდი ყურადღებაა მიმართული და რომ საარჩევნო კანონი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაუჭიროს მხარი, დემოკრატიული და გამჭვირვალე უნდა იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ასევე საარჩევნო გარემოს მომავალი განიხილა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG