Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა მხარემ დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა


სამუშაო ჯგუფის წევრები დვანში
სამუშაო ჯგუფის წევრები დვანში
სოფელ დვანში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ტრადიციულად ეს შეხვედრები სოფელ ერგნეთში იმართებოდა ხოლმე, მაგრამ რაც სოფლის სკოლაში ნატოს კუთხე გაიხსნა, ოსურმა მხარემ შეხვედრის გადატანა დვანში მოითხოვა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ბოლო ხანებში ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა. დვანის მცხოვრები ვასილ კობახიძე მესამე კვირაა ცხინვალის ციხეში ზის. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები დახმარებას ქართველ სამართალდამცავებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს სთხოვდნენ.

დვანში არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა: ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს არსებულ მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს; ვერ გადის სალოცავში და მიცვალებულთა საფლავებზე, რადგან იქვე ახლოს რუს ჯარისკაცებს ბლოკ-საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. სოფელს სარწყავი წყალიც არა აქვს. - დვანელები შეხვედრის მონაწილეებისგან ამ პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ.

ქართული მხრიდან შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ოსური მხრიდან კი - კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი. შეხვედრიდან გამოსულმა ქართველმა სამართალდამცავებმა კობახიძის ნათესავები დაამშვიდეს და აღნიშნეს, რომ ოსური მხარე მის გათავისუფლებას რამდენიმე დღეში აპირებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერისთვის დღევანდელი შეხვედრა ბოლო იყო. საქართველოში მალე მისი შემცვლელი ჩამოვა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჰაბერი ორწლიანი მუშაობის მთავარ შედეგად იმას თვლის, რომ მხარეებმა, რომლებსაც დასაწყისში ერთმანეთის მიმართ სრული უნდობლობა ჰქონდათ, მოლაპარაკების მაგიდასთან დიალოგი დაიწყეს. მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ომის შემდეგ დაკავებულთა გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება.

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გეიდრიუს ჩეკოულისი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, მხარეები მზად არიან, ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების პრობლემები გაითვალისწინონ და, ურთიერთგაგების საფუძველზე, გლეხებს გადაადგილებისას პრობლემები არ შეუქმნან.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 5 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG