Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტს რუსეთი საქართველოს გავლით ვეღარ მოახდენს


84 ხმით ნულის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, შეაჩეროს რუსეთთან 2006 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს „საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზებას“. მანამდე დეპუტატებს შესაბამისი წინადადებით მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ პოლიტიკური მიზანშეუწონლობის გამო, ხელშეკრულების გაგრძელება აზრს კარგავს. მოსკოვთან შეთანხმების შეჩერების საფუძვლად 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რუსეთის სამხედრო აგრესია დაასახელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გამოყენებით ხდებოდა სომხეთში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის უზრუნველყოფა ტექნიკითა და პერსონალით. კალანდაძის განმარტებით, შეთანხმების მოქმედების ვადა ნოემბერში იწურება, ხოლო საქართველო ვალდებულია, რუსეთს თავისი გადაწყვეტილება ექვსი თვით ადრე აცნობოს.
XS
SM
MD
LG